17 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
თუ ხელს არ აწერენ დოკუმენტს, ე.ი მათ ბოიკოტის საბაბიც არ ჰქონდათ - ნიკოლოზ სამხარაძე "ნაციონალურ მოძრაობაზე"

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" არაერთი გადაწყვეტილება შეცვალა და არ გამორიცხავენ შარლ მიშელის დოკუმენტსაც მოაწერონ ხელი.

"ქართული ოცნების" შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" არათანმიმდევრული ნაბიჯებით დასტურდება, რომ ოპოზიციას ბოიკოტის საფუძველი არ ჰქონდა და მიზანი ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის მცდელობა იყო.

"უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ხმას არ მისცემ "ნაციონალური მოძრაობისთვის" ძალაუფლების გადანაწილებას, რადგან ეს, სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარეობს. თუ ხელს არ აწერენ და ისე შემოდიან პარლამენტში, ე.ი მათ ბოიკოტის საბაბიც არ ჰქონდათ, რაც მიუთითებს იმას, რომ მათი მთავარი ამოცანა იყო ქვეყანაში არეულობის მოწყობა,"- აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

შერიგების დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის გაუგებარია, რატომ არ აწერს ხელს დოკუმენტს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მაშინ, როდესაც პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება უკვე მიიღეს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ", როგორც სხვა შემთხვევებში შეცვალა თავისი გადაწყვეტილება, ახლაც უნდა შეცვალოს და პარლამენტში შემოვიდნენ ისე, რომ ერთმანეთთან ურთიერთობით არავის უხერხულობა არ შეექმნას. მათ უნდა მიიღონ ის თამაშის წესები, რომელიც მიშელის დოკუმენტშია და უნდა იბრძოლოს იმისათვის, რო, "ქართულმა ოცნებამ" 43%-ზე ნაკლები აიღოს,"- აღნიშნავს პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია. 

თავად "ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ ისინი პარლამენტში თანამდებობებისა და პრივილეგიებისთვის არ შედიან. პარტიაში ამბობენ, რომ მათთვის ამნისტიის პუნქტი მიუღებელი და შემაშფოთებელია. 

დღის ამბები