17 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
გიორგი გახარია ცდილობს, რომ ოპონირება გაუწიოს "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას - გურამ მაჭარაშვილი

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ყოფილი პრემიერის დაბრუნებას პოლიტიკაში კრიტიკულად აფასებენ. მათი განცხადებით, გიორგი გახარია ცდილობს ოპონირება გაუწიოს თავის თავს, როდესაც ის პრემიერ მინისტრის პოზიციას იკავებდა.

მათივე განცხადებით, ძალიან ბევრი კითხვაა, რომელზეც გახარიას პასუხის გაცემა მოუწევს. მათ შორის, უმრავლესობის დეპუტატებს აინტერესებთ, ვინ უშლიდა ხელს ოპოზიციაში წასულ ყოფილ პრემიერს, როდესაც ის ქვეყნის პირველი პირი იყო მაშინ მოეგვარებინა სისტემური პრობლემები, რომელზეც ის ახლა საუბრობს.

"გიორგი გახარია ცდილობს, რომ ოპონირება გაუწიოს "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რაც ჯერჯერობით არ გამოსდის. მას აქვს მარტივ კითხვებზე პასუხი გასაცემი, მაგალითად კორუფციასთან და სისტემურ გამოწვევებთან ბრძოლა ოპოზიციიდან უფრო ადვილად შესაძლებელია, თუ პრემიერ-მინისტრობის პოსტიდან? თუ პრემიერ-მინისტრობის პოსტზე მას ჰქონდა ეს ხედვა, ვინ უშლიდა ხელს ამას არ ამბობს. ასევე კითხვა ისმის, რატომ უნდა აირჩიოს საზოგადოებამ თავიდან გიორგი გახარია, თუ კი მას ჰქონდა უმაღლესი თანამდებობა და ეს ვერ გამოიყენა," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.

ოპოზიციაში კი აცხადებენ რომ, გიორგი გახარია ქართული ოცნების იდეოლოგიის გამტარებელია და მის კანდიდატურას სერიოზულად არ აღიქვამენ.

"ეს არის კაცი, რომლის კარიერაც ააწყვეს კოვიდის გაჭირვების დროს ჩვენი საერთო სახსრების მის პროპაგანდაში ჩასხმაზე და რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ დღეს ვაქცინა არ გვაქვს, ოღონდ ამ ყველაფერზე არანაირი პოზიცია არ გააჩნია. ჩვენ სერიოზულად არც უნდა განვიხილოთ ეს ფიგურა, უბრალოდ ეს ფიგურა ჩვენ გვახსენებს იმას რამხელა პრობლემაა ივანიშვილის რეჟიმი," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ.

როგორც თავად გიორგი გახარიას გუნდის წევრი და პარლამენტის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი განმარტავს, გიორგი გახარიას თავისი საქმიანობის არც ერთ ეტაპზე პასუხგაუცემელი კითხვა არ დაუტოვებია.

"გიორგი გახარიას ყოველთვის ჰქონდა ღია საუბარი მედიასთან, თავისი საქმიანობის პერიოდში არასდროს, არც ერთ ეტაპზე და მით უმეტეს ახლა, არ დაუტოვებია არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა. იგივე სიტუაცია გვაქვს დღესაც, ყველა კითხვას, რომელიც მედიას აინტერესებდა გაეცა პასუხი," - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

დღის ამბები