29 აგვისტო 2026,   23:13
ვრცლად
თუ გვინდა ვიყოთ წარმატებულები უნდა გავერთიანდეთ, რომ დავძლიოთ გამოწვევები - ირაკლი იმნაიშვილი "რუსთავი 2-ის" გუნდს არხის იუბილეს ულოცავს

"რუსთავი-2" 27 წლისაა - არხი მაყურებლებს ბევრ სიახლეს ჰპირდება. ახალი ლიცენზირებული პროექტები და გადაცემები! - ეს არის მოკლე ანონსი.

ტელეკომპანიის ეზოში, სადაც საიბიულეო თარიღის აღნიშვნა მიმდინარეობს, ამ წუთებში გოჩა რამიშვილის თასის დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს, რომელიც ტელევიზიის თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. "გოჩას პრიზი" - ეს არის ჯილდო, რომლისთვისაც ჟურნალისტები, ოპერატორები და მემონტაჟეები მთელი წლის განმავლობაში იბრძვიან რომ მოიპოვონ.

"გოჩას პრიზი" მომავალი წლიდან კიდევ უფრო მასშტაბური იქნება.

"უკვე 11 წელია ყოველწლიურად საუკეთესო ოპერატორებს სხვადასხვა ნომინაციებში გადაეცემათ "გოჩას პრიზი", რომელიც ყველა ოპერატორისთვის განსაკუთრებულად საამაყოა, რა თქმა უნდა, "რუსთავი 2-ის" ოპერატორებზეა საუბარი, თუმცა მომავალი წლიდან ძალიან კარგი იქნება, და ასეც იგეგმება, რომ სხვა ტელევიზიის ოპერატორებიც ჩაერთონ ამ კონკურსში. ეს შეიძლება გახდეს ოპერატორების "ოსკარი" ასე ვთქვათ," - განაცხადა "რუსთავი 2-ის" თანამშრომელმა გიორგი ქორქიამ.

დაჯილდოებების გარდა "რუსთავი 2-ის" ეზოში პრეზენტაცია იგეგმება. არხის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი იმნაიშვილი არხის სამომავლო გეგმებზე და ახალ პროექტებზე ისაუბრებს. მათ შორის, ერთ-ერთ გამორჩეულ ტელეშოუზე "ელენი", თუმცა ვინ იქნება ქართველი "ელენი" ამას რა თქმა უნდა "რუსთავი 2-ის" სიურპრიზად დატოვებს.

"რუსთავი 2-ის" მთავარი სიძლიერე არის ჩვენი მაყურებლის ნდობა და ჩვენი არხის მთავარი ამოცანაა გავაერთიანოთ საზოგადოება, ვინაიდან 27 წლიანმა უწყვეტმა მაუწყებლობამ დაგვანახა, რომ თუ გვინდა ვიყოთ წარმატებულები ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ დავძლიოთ გამოწვევები, იმისთვის, რომ ვიკამათოთ და უკეთ გავიგოთ, გავიაზროთ ჩვენი ისტორია და გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ვიზეიმოთ ჩვენი წარმატებები," - განაცხადა ირაკლი იმნაიშვილმა.

 

დღის ამბები