სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით დედაქალაქის მერის ანგარიშს საპარლამენტო უმრავლესობა დაესწრო. განხორციელებულ სატრანსპორტო პოლიტიკა "ქართული ოცნების" დეპუტატები დადებითად აფასებენ.
"სერიოზული გამოწვევების წინაშე იდგა ჩვენი ქალაქი, გამომდინარე იქიდან, რომ გასული წლების განმავლობაში თითქმის 4-ჯერ გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა თბილისში, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან კარგად გააზრებული პოლიტიკით, მერია ახერხებს ამ გამოწვევებთან მაქსიმალურად ეფექტიანად შეჯერებას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის ამგვარად გაგრძელება უზრუნველყოფს, რომ დედაქალაქში სატრანსპორტო პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება.
"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ იმისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებისთვის სასურველი იყოს, ის მაქსიმალურად უნდა იყოს მათზე მორგებული.
"იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სასურველი იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის, უნდა იყოს ნაკლები ლოდინის დრო და უფრო მოკლე მარშრუტები. ამასთან, ტრანსპორტი ფინანსურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს,"- აცხადებს "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.