17 ნოემბერი 2024,   01:58
ვრცლად
კონგრესმენების დელეგაციის ვიზიტი საქართველოში - რა მოლოდინები აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს  

შეერთებული შტატები ქართველ ხალხს, ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად, მხარში უდგას - ამ გზავნილით საქართველოში კონგრესმენების დელეგაცია ხვალ ჩამოვა. სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით ჯგუფის ვიზიტზე ინფორმაცია შტატების საელჩომ გაავრცელა.

სენატორების ვიზიტთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვთ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ვიზიტის ფარგლებში საუბრის მთავარი თემა შარლ მიშელის დოკუმენტი და შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებაა.

"სენატორებთან ჩვენ გვექნება საუბარი სწორედ მიშელის დოკუმენტის შესრულების მთავარ ასპექტებზე, რაც შეეხება საარჩევნო გარემოს და ასევე მართლმსაჯულებას. სენატორებთან ვაპირებ საუბარს როგორც ნატოს სამიტზე ასევე ვაპირებ საუბარს ბაიდენის და პუტინის დაგეგმილ შეხვედრაზე, იმიტომ რომ ჩვენი ხელისუფლების სრულიად წარუმატებელი საგარეო პოლიტიკის შედეგად მსგავს მაღალი დონის შეხვედრებზე არასდროს არ ჟღერდება საქართველოს ოკუპაციის თემა და საქართველოს პრობლემები,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, სენატორების ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველოს მიმართ მათი ინტერესები არ განელებულა.

"ახალი ეტაპი იწყება პოლარიზაციის დასრულების და თანამშრომლობის დაწყების საპარლამენტო ცხოვრების ფარგლებში. ჯერ ეს არ დაგვიწყია, შესაბამისად, მე ზუსტად ვერ გეტყვით კონკრეტულ მიზეზებს ქალბატონი ჯინ შაჰინის და რობ პორტმანის ჩამოსვლის, მაგრამ ეს ნამდვილად ადასტურებს, რომ მათი ინტერესები საქართველოს მიმართ არ განელებულა და იმედი მაქვს რომ დაგვეხმარებიან სრულ ნორმალიზაციაში," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი სენატორების ჩამოსვლის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ აპირებს შეხვედრაზე მართლმსაჯულების რეფორმების შესახებ საკითხი დასვას.

"შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან რომ არ იყოს ყურადღება, ყურადღებას ვინც გვაქცევს ვიცით, რუსეთი და როგორც გვაქცევს კი ვიცით. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია სენატორების ჩამოსვლა. მე ვაპირებ, რომ ძალიან პრინციპულად დავსვა საკითხი მართლმსაჯულების რეალური რეფორმების. ეს წყალწყალა ტალღები, რომელსაც ქართული ოცნება გვეუბნება, რომ თითქოს ძალიან მაგარი ტალღები იყო რეფორმების, ეს არის ტყუილი," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

 

დღის ამბები