საქართველოში კონგრესმენების დელეგაციის ჩამოსვლასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ამერიკელი სენატორების საქართველოში ვიზიტი მათი მხრიდან მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანამ კიდევ უფრო გააღრმავოს პარტნიორობა რომელიც არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
"ჩვენთვის ეს არის ჩვენი ამერიკელი მეგობრების მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი დონის ვიზიტი, როდესაც ორი სენატორი სტუმრობს საქართველოს. ეს არის მხარდაჭერის კიდევ ერთი დაფიქსირება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ის პარტნიორობა რომელიც არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკაში კიდევ უფრო მეტი წარმატებისთვის ქვეყანამ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის გზაზე განუხრელად უნდა იაროს.
"ბუნებრივია, ყოველთვის მადლობა უნდა ითქვას მათი ისეთი დამოკიდებულების გამო, რაც ჩვენს ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს და აჩქარებს საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მიზნის აღსრულებას, ეს არის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა და ამ გზაზე ჩვენ უნდა ვიაროთ განუხრელად. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში აისახა," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ ვიზტისას სხვა საკითხებთან ერთად აქცენტი გაკეთდება NATO-ში საქართველოს ინტეგრაციაზე.
"სავარაუდოდ, ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და ასევე ჩვენს განაცხადზე, რომ რაც უფრო მეტად დაჩქარდება ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაცია და ასევე ევროკავშირში ინტეგრაცია, მით უფრო კარგი იქნება ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის და რეგიონული უსაფრთხოებისთვის. ვიზიტისას აქცენტი გაკეთდება ნატოში საქართველოს ინტეგრაციაზე,“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.