ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა დღეს გამართულ მინისტერიალზე საქართველოს შესახებ ისაუბრა.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი აგრძელებს სამხედრო ძალების მობილიზებას მეზობელი ქვეყნების საზღვრებთან და ხელოვნურად ქმნის რეგიონში დესტაბილიზაციას.
გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთი სამხედრო ძალებით ემუქრება საქართველოს, ახდენს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, აუცილებელია ახალი სტრატეგიის შემუშავება, რადგან ნატოს სტრატეგიული გარემო 2010 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა.
"საქართველოსა და უკრაინას ნატოს წევრობისთვის სჭირდება რეფორმები, დემოკრატიის განვითარება და სამართლებრივი ცვლილებები. ორივე ქვეყანამ უნდა გაიაროს ის გზა, რაც წევრობისთვის ჩრდილოეთ მაკედონიამ და მონტენეგრომ გაიარა. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ უკრაინა და საქართველო გახდნენ ნატოს ასპირანტი ქვეყნები, რასაც რეფორმები სჭირდება.
ჩვენ ორივე ქვეყანას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ გზაზე. ნატო აქტიურ მონაწილეობას იღებს შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მოკავშირე რუმინეთსა და ბულგარეთთან ერთად, სადაც აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორ უკრაინასა და საქართველოსთანაც. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შავი ზღვის რეგიონში, როგორც საზღვაო, ასევე საჰაერო უსაფრთხოების პლაცდარმი შევქმნათ," - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.