ევროპელი დეპუტატები ხვალ საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრას გეგმავენ. განსახილველი საკითხები ამ შემთხვევაშიც, ძირითადად, მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებული თემებია.
ოპოზიცია აპირებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან, საარჩევნო სისტემისა და მართლმსაჯულების სფეროში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საკუთარი პოზიცია გააცნოს.
"რესპუბლიკური" პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ შეხვედრის ძირითადი თემები 2020 წლის არჩევნები და ამის შემდგომ შექმნილი კრიზისი იქნება.
“ძირითადი თემები შეხვედრის იქნება 2020 წლის არჩევნები, არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისი, მედიაგარემო, მოსამართლეების დანიშვნის საკითხები და ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდება დღეს განვითარებულ მოვლენებს ქვეყანაში და სამომავლოდ როგორ ვხედავთ ოპოზიციის როლს და შარლ მიშელის დოკუმენტის იმ პუნქტებს, რომლის შესრულების გარეშე გარდაუვალია რომ იგივე კრიზისები არ შეიქმნას ქვეყანაში,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ევროპელ კანონმდებლებს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მიაწვდის ინფორმაციას პარტია ”მოქალაქეების” გენერალური მდივანი, ლევან იოსელიანი.
"სავარაუდოდ, მათ დააინტერესებთ ის მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რაც შარლ მიშელის დოკუმენტით არის გათვალისწინებული, როგორ ხდება ამ ყველაფრის იმპლემენტაცია, რა პროცესები უძღოდა ამას წინ და როგორ ვაპირებთ შემდგომში აღვასრულოთ ის რაზეც შევთანხმდით საბოლოო ჯამში. მე პირადად ვაპირებ მივაწოდო ინფორმაცია საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, პირველი მოსმენით მიღებულ დოკუმენტთან დაკავშირებით და სამომავალოდ დაგეგმილ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ლევან იოსელიანი.
ევროპის საბჭოს სამ კაციანი დელეგაცია საქართველოში დღის ბოლოს ჩამოფრინდა.