17 ნოემბერი 2024,   02:01
ვრცლად
მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ეს ვიზიტი იმისთვის, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში გააქტიურდეს ჩვენი ნატოში გაწევრიანების და დეოკუპაციის თემა - სალომე სამადაშვილი 

ამერიკელი სენატორების საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ. ისინი აპირებენ, სენატორებს გააცნონ, თუ კონკრეტულად რა პრეტენზიები აქვთ ხელისუფლების მიმართ.

პოლიტიკოსები ნატოს სამიტის წინ დაგეგმილ ამ ვიზიტს განსაკუთრებით მნიშვნელოვანად თვლიან და ამბობენ, რომ ქვეყანამ ეს ალიანსში საქართველოს საკითხისა და დეოკუპაციის თემების გასააქტიურებლად უნდა გამოიყენოს. ამერიკელი სენატორები საქართველოში 4 ივნისამდე დარჩებიან.

პარლამენტის ფრაქცია ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ის ნატოს სამიტის წინ, ასევე ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის წინ არის დაგეგმილი. 

"ვიზიტი არის ნატოს სამიტის წინ, ეს ვიზიტი არის ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის წინ, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ეს ვიზიტი იმისთვის, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში გააქტიურდეს ჩვენი ნატოში გაწევრიანების და დე-ოკუპაციის თემა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანი განხილვის საგანი იქნება ის შეთანხმება, რომელიც გაფორმდა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მხარდაჭერით და ჩვენ გვექნება ძალიან სერიოზული პრეტენზიები ამ თვალსაზრისით ხელისუფლებასთან,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის წევრი, პარტია ”მოქალაქეების” თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი იმ საკითხებზე საუბრობს, რომლის განხილვას სენატორებთან გეგმავს, მათ შორის არის მართლმსაჯულების რეფორმა. 

"ძალიან მნიშვნელოვანია რომ ასეთი მეგობრები გვყავს, რომლებისთვისაც სულერთი არ არის რა მოხდება ჩვენს ქვეყანაში, რა გზით წავა, გახდება თუ არა ნორმალური, დემოკრატიული ქვეყანა, იქნება თუ არა ევროინტეგრაციის პროცესში აქტიურად ჩართული. ერთი რომ მათთვის ალბათ საინტერესო იქნება საარჩევნო რეფორმების მიმდინარეობა და მეორე, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რაც არის გასაკეთებელი, ეს არის მართლმსაჯულების რეალური რეფორმა, სასამართლოს დამოუკიდებლობა. მე პირადად ვაპირებ, რომ სენატორებს კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრო,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

 

 

დღის ამბები