ნამახვანში სულ მალე მსვლელობა დაიწყება - აქციის მონაწილეები პოლიციის შენობასთან გადაინაცვლებენ, სადაც სოფელ საყულიაში დაკავებულ ირაკლი მუკბანიანს დღეს სავარაუდოდ ბრალს წაუყენებენ. მას პოლიციელის ფიზიკურ შეურაცხყოფასა და თავდასხმაში ადანაშაულებენ. ადვოკატი კი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებასა და პროვოკაციაზე საუბრობს.
მსვლელობის შემდეგ რიონის ხეობის მცველები ქუთაისის სამმართველოს შენობასთან შეიკრიბებიან, სადაც ირაკლი მუკბანიანის დაკავებას გააპროტესტებენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.
"წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას ჰგავს ეს ყველაფერი, რაც ხაზს უსვამს, რომ ჩვენ არ დაგვკავშირებია არავინ, როცა ეძებდნენ თურმე 3 დღის განმავლობაში ამ ადამიანს და იციან, რომ არის ჩვენთან.
იმ ნაწილში თუ კი ადამიანს ბრალი უმტკიცდება, რომ პოლიციას დაუშვათ მოუქნია ხელი, მოხვდა და ა.შ. ეს გასაგებია და თუ დამტკიცდება, ამ ნაწილში პასუხისმგებლობას არავინ არ გაურბის, თუმცა პროვოცირებული იყო ესეც პოლიციის მხრიდან.
რა გაგრძელებაც ამ ამბავს მოჰყვა, ეს აბსოლუტურად თავდაყირა აყენებს ამ საკითხს. რა საჭირო იყო 3 მიკროავტობუსი სპეცრაზმის ჩასვლა საყულიაში და ასე დაპატიმრება ადამიანის, რომელიც თავისი ფეხით მივიდოდა პოლიციის შენობაში," - განაცხადა "მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის" დამფუძნებელმა ვარლამ გოლეთიანმა.
ირაკლი მუკბანიანის ძმა ბესიკ მუკბანიანი აცხადებს, რომ მათ არანაირი გაფრთხილება სიტყვიერი ან წერილობითი არ მიუღიათ.
"არანაირი დაკავშირება არც წერილობით, არც ტელეფონის კონტაქტით, არც გაფრთხილება და არც ველოდებოდით, არც ყოფილა მიმალვაში, ან რატომ უნდა ყოფილიყო. ჩვეულებრივად სახლშიც იმყოფებოდა, გარეთაც გამოდიოდა. სადამსჯელოს ვხედავ მე ამაში," - განაცხადა ბესიკ მუკბანიანმა.
ირაკლი მუკბანიანი სამართალდამცველზე თავდასხმის ბრალდებით სოფელ საყულიაში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, სპეცოპერაციის დროს მოხდა დაპირისპირება სპეცრაზმსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის და მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილობრივებმა სპეცრაზმს წინააღმდეგობაც გაუწიეს.