02 სექტემბერი 2026,   02:01
ვრცლად
პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, შესაძლებელი იქნება კონკრეტულ ლოკაციაზე მისვლა და სასკოლო ფორმის შეძენა, ხოლო ონლაინ პლატფორმაზე 14 სექტემბრის შემდეგაც შეიძენენ - თამარ მახარაშვილი

სასკოლო ფორმების რეალიზაცია დღეიდან დაიწყო. პირველკლასელების მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენის შესაძლებლობა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის formebi.emis.ge -ს საშუალებით აქვთ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფორმების რეალიზაციის 83 პუნქტია განთავსებული.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, თამარ მახარაშვილის განცხადებით, სასკოლო ფორმების ფიზიკურ ლოკაციაზე შეძენა 14 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი, ხოლო 14 სექტემბრის შემდეგ მსურველები ფორმის შეძენას მხოლოდ ონლაინ პლატფორმაზე შეძლებენ.

"ქვეყნის მასშტაბით, 84 ლოკაციაზე გვაქვს შესაძლებლობა ადგილზე შევიძინოთ სასკოლო ფორმები. პარალელურად, სწორედ ამ პროცესისთვის შევქმენით ონლაინ პლატფორმა, სადაც პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, შესაძლებელი იქნება კონკრეტულ ლოკაციაზე მისვლა და ფორმის შეძენა, ხოლო ონლაინ პლატფორმაზე 14 სექტემბრის შემდეგაც შეიძენენ", - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

სიახლეს დადებითად აფასებენ მოსწავლეების მშობლები. ერთ-ერთი მშობლის განცხადებით, ფორმაში ბავშვი თავს კომფორტულად გრძნობს.

"მოვედით სკოლაში ფორმის შესაძენად. შევიძინეთ ფორმა, ძალიან მოგვეწონა. კმაყოფილი ვარ, არ ველოდი ასეთ კარგ ხარისხს. თავად ბავშვიც კომფორტულად და კარგად გრძნობს თავს. ველოდებით სკოლის დაწყებას, რათა მოვირგოთ ფორმა და მოვიდეთ სკოლაში ", - განაცხადა სკოლის მოსწავლის მშობელმა.

2026-2027 სასწავლო წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით, მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება.

დღის ამბები