17 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
ჩვენს კოლეგებს ვესაუბრეთ წამოწყებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელიც საარჩევნო სისტემას უკავშირდება - ირაკლი ჩიქოვანი

თბილისში მყოფი ევროპელი კანონმდებლების შეხვედრა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მთავარი განსახილველი თემები ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის შარლ მიშელის შეთანხმება იყო.

ანრი ოხანაშვილის თქმით, მთავარი ამოცანაა, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის დაყენების დროს გატარებული რეფორმების კუთხით საქართველო ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა იყოს.

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, 2024 წელს, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის დაყენების დროს საქართველო გატარებული რეფორმების კუთხით იყოს ერთ-ერთი სამაგალითო იმისთვის, რომ განაცხადის დაყენებას არანაირი საფრთხე არ შეექმნას და რაც მთავარია, იცით, რომ ჩვენი გაცხადებული კურსი, კონსტიტუციით გარანტირებული ევროატლანტიკური კურსი არის ურყევი და შეუცვლელი, ამიტომ ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ ინტენსიურად და გადავდივართ თანამშრომლობის კიდევ უფრო ინტენსიურ და ახალ საფეხურზე. გვექნება საუბარი იმაზეც, რომ არიან საქართველოში პოლიტიკური ჯგუფები, ამ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობა", ისინი არ უერთდებიან ევროპულ დოკუმენტს,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, მათ შორის პოლიტიკური კრიზისის დასასრულს.

"საუბარი შეეხო იმ პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც ქვეყანაში არსებობს, მათ შორის ამ ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის დასასრულს, რაზეც ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენს კოლეგებს. ჩვენს კოლეგებს ვესაუბრეთ იმაზე, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან წამოწყებულია ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც უკავშირდება საარჩევნო სისტემას. ასევე, გვქონდა საუბარი იმ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც მოახლოებულია,“ - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები საქართველოში ორი დღით დარჩებიან. შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კი საქართველოს შესახებ მოხსენებას მოამზადებენ. 

დღის ამბები