ვახო სანაიას საქმეზე დღეს ჟურნალისტის მეუღლეს მოუსმენენ - პროცესი საქალაქო სასმართლოში მიმდინარეობს. დაიკითხება სულ 3 მოწმე, რომელიც ჟურნალისტზე განხორციელებულ თავდასხმას პირადად შეესწრო.
ტელეწამყვანზე თავდასხმა თებერვალში მოხდა. ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში არიან.
ბრალდებულების ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა კონფლიქტს და ფიზიკურ დაპირისპირებას, თუმცა აღნიშნავს, რომ გასარკვევია, ჰქონდა თუ არა ადგილი ვახო სანაიას მიმართ პროფესიულ დევნას.
"დაცვის მხარეს ბუნებრივია ექნება კითხვები იმ დეტალებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ამ კონფლიქტს, იმიტომ, რომ ამ კონფლიქტზე ყოველი წუთი და წამია მნიშვნელოვანი, ვინაიდან აქ დავა არ არის იმაზე, კონფლიქტი იყო თუ არ იყო, კონფლიქტი, რა თქმა უნდა იყო, ფიზიკური დაპირისპირებაც იყო, თუმცა აქ საუბარია იმაზე, რომ ეს იყო როგორც პროფესიული დევნა ვახო სანაიას მიმართ, როგორც ჟურნალისტის, თუ ეს იყო ორ ადამიანს შორის რაღაცის გამო წარმოშობილი კონფლიქტი, რომელიც როგორც თვითონ ვახო სანაიამ განაცხადა, სულ 10 წამი გრძელდებოდა," - აღნიშნა ბრალდებულების ადვოკატმა.
თავად ჟურნალისტი ვახო სანაია მიიჩნევს, რომ რასაც ბრალდებულები თავდასხმამდე და უშუალოდ თავდასხმის დროს ამბობდნენ, ადასტურებს, რომ ეს იყო ჟურნალისტური საქმიანობის გამო თავდასხმა.
"იმ სიტყვებიდან გამომდინარე, რასაც ისინი ამბობდნენ უშუალოდ თავდასხმამდე, თავდასხმის დროს, თავდასხმის შემდეგ, როდესაც ლაპარაკი იყო ტელევიზიებზე, ჟურნალისტებზე, ჩემზე კონკრეტულად როგორც ჟურნალისტზე, როდესაც გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით, მუქარა ასევე - ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ეს იყო ჟურნალისტური საქმიანობის გამო თავდასხმა," - განაცხადა ჟურნალისტმა.
ვახო სანაიას მეუღლე თამარ ყურაშვილის თქმით, მოსამართლეს იმ ინფორმაციას მიაწვდის, რაც დღემდე დაკითხვებზე და სხვადასხვა ეთერის საშუალებით უთქვამს და ასევე, პროკურორისა და ადვოკატის მხრიდან დასმულ კითხვებს უპასუხებს.