ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს ყოველთვიური შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 12 საკითხი განიხილეს და 28 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.
საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 8 ექიმს, 16 ექიმზე პასუხისმგებლობის სახედ წერილობითი გაფრთხილება განისაზღვრა, 4 ექიმს კი პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.
შემთხვევები ეხება ანტინატალურ, ნეონატალურ, გინეკოლოგიურ და პედიატრიულ შემთხვევებს. გამოკვლევა საბჭომ დაიწყო ხშირ შემთხვევაში თავად პაციენტის ან მისი ახლობლის მიერ შეტანილი საჩივრების საფუძველზე.
"საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად, 8 ექიმს შეუჩერდა სხვადასხვა ვადით საქმიანობის უფლება, 16 ექიმის მიმართ წერილობითი გაფრთხილება იქნა გამოტანილი, ხოლო 4 ექიმის მიმართ არანაირი პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. დღეს ესეთი შრომის კანონთა კოდექსით არ არის განსაზღვრული, რომ კონკრეტული ექიმი მიბმული იყოს კონკრეტულ კლინიკას. უბრალოდ, ეს პროფესიული გადაცდომა მოხდა კონკრეტულ კლინიკაში, შეიძლება ეს ექიმი სხვა კლინიკაშიც მუშაობდეს,“ - აცხადებს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსი, ზაალ კაპანაძე.