17 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
ვიმედოვნებ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელს მოაწერს დოკუმენტს, შევა პარლამენტში და იმუშავებს კონსტრუქციულად - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ენმ-ს პარლამენტში შესვლისა და მიშელის დოკუმენთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

"იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვეტილება მიიღო, ხელი არ მოეწერა შეთანხმების დოკუმენტისთვის," - განაცხადა კელი დეგნანმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილებას მიიღებენ და პარლამენტში შესვლის შემდეგ კონსტრუქციულად იმუშავებენ, როგორც მმართველ პარტიასთან, ასევე ოპოზიციასთან.

"მოხარულები ვართ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უერთდება პარლამენტს. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ნიშანია იმის, რომ პარტიები პარლამენტში ერთად მუშაობენ, რისკენაც ჩვენ მოვუწოდებდით მათ უკანასკნელი 7 თვის განმავლობაში.

ყველა პარტიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო თავის ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებზე დაყრდნობით. რა თქმა უნდა, ჩვენ იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვეტილება მიიღო, ხელი არ მოეწერა შეთანხმების დოკუმენტისთვის. ვიმედოვნებ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები გადაწყვეტენ დოკუმენტზე ხელმოწერას და უზრუნველყოფენ, რომ შეთანხმების პუნქტები ასახული იყოს კანონმდებლობაში და შემდეგ იყოს დანერგილი.

ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ არის მხოლოდ შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა 19 აპრილს, მას სჭირდება საკანონმდებლო ასახვა და შემდეგ იმპლემენტაცია, რათა რეალური ცვლილებები უზრუნველყოფილი იქნას, მათ შორის უკეთესი არჩევნებისა და სასამართლო სისტემის მიმართულებით.

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელს მოაწერს დოკუმენტს, შევა პარლამენტში და იმუშავებს კონსტრუქციულად მმართველ პარტიასთან და ოპოზიციურ პარტიებთან," - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები