17 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი - ოპოზიცია შეხვედრებზე კონკრეტული საკითხების დასმას გეგმავს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაცია ხვალ საპარლამენტო ოპოზიციას და უმრავლესობას შეხვდებიან. ოპოზიცია იმ საკითხებზე საუბრობს, რის დაყენებასაც ხვალინდელ შეხვედრებზე გეგმავს.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ შეხვედრის ფარგლებში იქნება კითხვებიც. მათ შორის, როგორც პარლამენტის წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ამბობს, ევროპელი კანონმდებლებისგან აინტერესებს, რატომ არის შენელებული საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი და როგორ უყურებენ ამ პროცესს.

"პირველ რიგში შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელსაც სჭირდება შესრულება, არა გადახვევა, არა გაწელვა, არამედ შესრულების კონკრეტული გრაფიკი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ზეპრიორიტეტული. წარმომადგენლებთან ასევე გვექნება საუბარი სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის თვითონ როგორ ხედავენ, რატომ არის შენელებული ჩვენი ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი. ეს წლებია უკვე გრძელდება და მე მათი აზრიც მაინტერესებს, როგორ უყურებენ ამ პროცესს, სად ხედავენ პრობლემას, რომ ეს თანამშრომლობა გავაგრძელოთ,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დაგეგმილი ვიზიტის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი.  

"მივაწვდით მათ ყველა იმ ინფორმაციას, როგორ სრულდება შეთანხმება და როგორ უქმნის "ქართული ოცნება", იქნება ეს სასამართლოში, ცესკოში თუ სხვაგან პრობლემებს იმას, რომ რეფორმების ეფექტი იყოს შემცირებული,“ - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ევროპელ კანონმდებლებთან დაგეგმილი აქვთ შეხვედრა პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” წევრებსაც.

 

 

დღის ამბები