17 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
"ისინი ჩამოდიან იმის საჩვენებლად, რომ ამერიკა აგრძელებს საქართველოს და ჩვენი პარტნიორობის მხარდაჭერას" - დეგნანი სენატორების ვიზიტზე

რამდენიმე საათი კონგრესმენების ვიზიტამდე - შეერთებული შტატების ელჩი იმ გზავნილებზე საუბრობს, რასაც ორპარტიული დელეგაცია საქართველოში ჩამოიტანს. კელი დეგნანი ამბობს, რომ შტატები საქართველოს ერთგულ პარტნიორად რჩება დემოკრატიული განვითარების პროცესში.

განცხადება გაკეთდა "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითაც, რომლის თანახმადაც, პარტია პარლამენტში შედის, მაგრამ მიშელის შეთანხმებას არ უერთდება. ამერიკის ელჩი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ამ ნაბიჯს პარტნიორების იმედგაცრუება მოჰყვა.

"ისინი ჩამოდიან იმის საჩვენებლად, რომ ამერიკა აგრძელებს საქართველოს და ჩვენი პარტნიორობის მხარდაჭერას. ეს არის გრძელვადიანი პარტნიორობა, რამდენადაც საქართველო ავითარებს დემოკრატიას და ეს გაგრძელდება.

კოვიდის გამო მცირეხნიანი პაუზა გვქონდა ვიზიტებში, მაგრამ სენატორებმა გამოთქვეს ჩამოსვლის სურვილი, რომ გაეცნონ, როგორ ვითარდება საქართველოში მოვლენები. დღის წესრიგში ძალიან ბევრი განსახილველი საკითხი იქნება. ეს არის ორპარტიული მხარდაჭერა, რასაც აჩვენებს სენატორების შაჰინისა და პორტმანის ვიზიტი და ძალიან მაღალია ინტერესი მათი ვიზიტის მიმართ, როდესაც ისინი დაბრუნდებიან შტატებში. ბევრი შეხვედრა ექნებათ, მთავრობის წარმომადგენლებთან, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ლიდერებთან.

რა თქმა უნდა, ფოკუსში იქნება განგრძობადი რუსული აგრესია, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, რაც კვლავ რჩება ამერიკისთვის მნიშვნელოვან საკითხად და იწვევს როგორც საქართველოს, ასევე ჩვენს შეშფოთებას.

საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი იქნება და მე ვფიქრობ, ისინი დაინტერესებლები არიან, რას აკეთებს საქართველო მისი დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, რომლისკენ სწრაფვაც რჩება ისე ძლიერი, როგორც არასდროს," - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანმა.

დღის ამბები