17 ნოემბერი 2024,   01:25
ვრცლად
რამდენად სრულდება შარლ მიშელის დოკუმენტი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგი თბილისში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგატები საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების უკეთ გასაცნობად ჩამოვიდნენ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს. ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რასაც საერთაშორისო პარტნიორები თბილისიდან ბრიუსელში ჩაიტანენ, 2024 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებაა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელთან ერთად ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგატებს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და ევროპის საბჭოში ქართული დელეგაციის წევრებიც შეხვდნენ. შარლ მიშელის დოკუმენტი, დოკუმენტში ასახული პუნქტები და ამ პუნქტების აღსრულების მექანიზმები - იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რაც შეხვედრების მიმდინარეობისას განიხილეს.

საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ხვალ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ისინი საერთაშორისო პარტნიორების ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხებს გასცემენ, რათა სტუმრებს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდონ.

ევროპის საბჭოს დელეგაციის ვიზიტი, როგორც მჭიდრო და სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და საქართველოს ხელისუფლების კურსის მხარდაჭერა - ასე აფასებენ საპარლამენტო ასამბლეის წევრების ვიზიტს მმართველ პარტიაში. "ქართული ოცნების" წევრები შარლ მიშელის დოკუმენტზე ყველა ხელმომწერ მხარეს ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

დღის ბოლოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. მონიტორინგის კომიტეტის წევრები თბილისში 2 დღიანი ვიზიტით იმყოფებიან. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კი საქართველოს შესახებ სპეციალურ ანგარიშს მოამზადებენ.

დღის ამბები