თბილისში დილიდან შეხვედრებს უკრაინის პრემიერ-მინისტრი მართავს. დენის შმიგალი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და ასევე იმყოფებოდა საპატრიარქოში.
მოლაპარაკებებისას ყურადღება უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე გამახვილდა, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროებში: ტურიზმი, ვაჭრობა, ზოგადად ეკონომიკა, კულტურა, დაახლოების მნიშვნელობაზე.
გამართული შეხვედრების მიმდინარეობისას ერთ-ერთი მთავარი აქცენტი რეგიონულ უსაფრთხოებას და რუსეთის მხრიდან საფრთხეებს ეთმობა.
"საქართველოს და უკრაინას აქვს ძლიერი მეგობრობა, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ორივე ქვეყანას აქვს გამოწვევები ტერიტორიების ოკუპაციასთან, ანექსიასთან დაკავშირებით და რა საკვირველია ჩვენ მომავალშიც უნდა გვქონდეს კარგი კოორდინაცია, ძლიერი თანამშრომლობა, რათა ამ გამოწვევებს ერთიანად ვუპასუხოთ.
მნიშვნელოვანია, რომ განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის ეკონომიკური საკითხები, უსაფრთხოების საკითხები და ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ საპარლამენტო დონეზე ამ მეგობრობის გაძლიერებას შემდგომში," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ერთობლივი სამოქმედო გეგმით სვლაზე როგორც NATO-ში, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ხაზი გაუსვა იმ საკითხს, რომ როგორც უკრაინა, ასევე საქართველო NATO-ს სამიტზე არ მიიწვიეს.
"ყველაზე მძაფრი ორი საკითხი არის, რასაც მე განვიხილავ: პირველი ეს არის - NATO-ს სამიტზე რომ არ მიიწვიეს არც უკრაინა და არც საქართველო და ერთად როგორ ვიმუშაოთ იმისთვის, რომ იქნებ შევცვალოთ ეს გადაწყვეტილება და მეორე ეს არის ჩრდილოეთ ნაკადი, რომელიც მთლიანად ცვლის გეოპოლიტიკას მთელს რეგიონში," -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.