"ლელო" თვითმმართველობის არჩევნებისთვის ინიციატივით გამოდის - პარტია კოლეგებს სთავაზობს თბილისის მერობის კანდიდატის გარშემო გაერთიანებას, თუმცა ერთი დათქმით, რომ კანდიდატი არც ერთი პარტიის წარმომადგენელი არ იქნება.
"ინიციატივა ემსახურება იმ მიზანს, რომ საზოგადოება ჩავრთოთ პროცესში. რაც შეეხება მერობის კანდიდატებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, გამოვკვეთოთ ისეთი კანდიდატები, რომელიც კონკრეტულ პარტიასთან აფილირებული არ იქნება. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია, მერი მმართველობითი, სამეურნეო გამოცდილების მქონე იყოს, რომელსაც შეუძლია გვერდზე გადადოს პარტიული ამოცანები და იზრუნოს ქალაქის განვითარებაზე, ვფიქრობ ასეთი კანდიდატები არსებობს, დისკუსიამ უნდა გამოკვეთოს უპარტიო ლიდერები, რომელსაც შეუძლია ეს პასუხისმგებლობა იტვირთოს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე.
"ლელოს" ინიციატივას უკვე მოყვა პოლიტიკური განცხადებები.
პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური ამბობს, რომ მიმდინარეობს შიდაპარტიული მუშაობა, ბუჩუკური არ გამორიცხავს, რომ თბილისის მერობის კანდიდატი პარტიის ლიდერი - გიორგი გახარია დასახელდეს.
პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ "ლელოს" ინიციატივა უპარტიო კანდიდატთან დაკავშირებით რთულად წარმოსადგენია, თუმცა დისკუსია ღირს. ჯაფარიძის თქმით, "გირჩს" თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი კამპანია ექნება.
პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩიათვის მეურნე მერი მიუღებელია და მერი პოლიტიკური თანამდებობა უნდა გახდეს. ხვიჩიას შეფასებით, უპარტიო მერობის კანდიდატი დამარცხებისთვის არის განწირული.