საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. თბილისი მერიოტში საერთაშორისო და ადგილობრივი 6 ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
მათ ჯინ შაჰინსა და რობ პორტმანს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, სენატორების მთავარი გზავნილი იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის მზად დაეხმაროს საქართველოს.
"პოზიციებს როგორც წესი, ისინი არ ამბობენ ხოლმე, ხვდებიან როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე მთავრობის წარმომადგენლებს. მთავარი, რაც ალბათ ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყნის მომავლისთვის და დემოკრატიისთვის, პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. ისინი რა თქმა უნდა, პატივს სცემენ ჩვენს, როგორც საქართველოს მოქალაქეების პოზიციების ამასთან დაკავშირებით. ისინი მხოლოდ დაგვეხმარებიან, მაგრამ მთავარი ბრძოლა არის ჩვენზე," - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ მთავარი გზავნილი იყო სასამართლო სისტემაში რეფორმის აუცილებლობაზე და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების აშკარა დაფიქსირება.
"ჩვენი მხრიდან მთავარი გზავნილი იყო ის, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკური ნება ნათლად და აშკარად გამოხატოს იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია დაიწყოს სასამართლო სისტემაში რეფორმა. ის კი არა, დაიწყოს თუ არა რეფორმა, არამედ აუცილებელია დაიწყოს. ჩვენ შეიძლება გვქონდეს დისკუსია იმაზე, თუ როგორი გზები უნდა იყოს ამისთვის, მაგრამ აქ ცალსახაა ერთი რაღაც, რომ ეს რეფორმა უნდა ჩატარდეს," - აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.