საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ვოლსკიმ, "დღის კურიერის" ეთერში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ ეკლესიის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, მნიშვნელოვნად აზიანებს მის ავტორიტეტს.
გია ვოლსკი სახალხო დამცველის გუშინდელ იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ პროკურატურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, ირკვეოდა, რომ გამოძიება სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე მიმდინარეობს, მათ შორის კი სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე. გია ვოლსკის განცხადებით, როდესაც ბავშვებზეა საუბარი, სახალხო დამცველს კორექტულობა მართებს:
"ამჯერად მე რასაც ვხედავ არის ის, რომ ეკლესიის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, მნიშვნელოვნად აზიანებს, თვითონ ეკლესიასაც, მის ავტორიტეტსაც. დარწმუნებული ვარ, რომ იქ არაფერი ისეთი არ ხდება, რაზეც აბსოლუტურად არაკორექტულად საუბრობს საზოგადოება. ჩემი აზრით, სახალხო დამცველს კორექტულობა მართებს, როდესაც ბავშვებზეა საუბარი. გაუპატიურების მცდელობის სიტყვის ასე ბურთაობა არ არის სწორი. ჩვენ ერთი დღის არ ვცხოვრობთ. ხელისუფლების ვალდებულებაც არის, რომ დაძაბული სიტუაცია როგორმე განმუხტოს. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მნიშვნელოვნად ზიანდება, როგორც ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ასევე ეკლესია,"- აცხადებს გია ვოლსკი.