პარლამენტის წევრი, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერას ეხება, პარტიამ ერთობლივი შეთანხმებით მიიღო. თუმცა, აქვე, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მას ხელმოწერასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.
"მე მქონდა განსხვავებული პოზიცია, ვიდრე პარტიის აბსოლუტურ უმრავლესობას, მე ვთვლიდი, რომ ჩვენ ხელი უნდა მოგვეწერა ამ დოკუმენტისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, იმ ფორმით, რომლის მოძიებაც, მე ვფიქრობ, რომ იყო შესაძლებელი, რა ფორმითაც, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არ გახდებოდა თანაზიარი იმ პასუხისმგებლობისა, რაც ეკისრებათ პარტიებს, რომლებმაც პირველადი მოლაპარაკებები აწარმოეს ამნისტიის ნაწილზე. იმიტომ, რომ ეს მართლაც ძალიან მძიმე ნაწილია ამ შეთანხმების და ამის თანაზიარი ვერ გახდებოდა და არ გახდება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".
მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ გარკვეული გამოსავლის მოძებნა შესაძლებელი იყო, ბუნებრივია რომ შიდა პარტიულ დისკუსიებს და კონსულტაციებს საჯარო სივრცეში ვერ გამოვიტან, თუმცა ამან განსაზღვრა ჩემი პოზიცია, რომელიც მათ შორის კენჭისყრაზეც დავაფიქსირე, რომ ჩვენ უნდა განგვეხილა ხელმოწერის საკითხი ამნისტიაზე პასუხისმგებლობის აღების გარეშე. კენჭისყრაში ჩემი აზრი უმცირესობაში იყო,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.