შიდა პოლიტიკური პროცესები, თვითმმართველობის არჩევნები და მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემები - ეს იყო ის მთავარი საკითხები, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლებმა სენატორებთან შეხვედრისას ისაუბრეს. ყურადღება ასევე გამახვილდა დეოკუპაციასა და ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსზეც.
"საუბარი შედგა ყველა საკითხთან დაკავშირებით, დაწყებული განვლილი თვეების პროცესებით, გაგრძელებული დღეს უკვე კვლავ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში მყოფი სახელმწიფოთი და გამოსავალ გზებზე ვისაუბრეთ. მზად არიან, რომ კარს მომდგარ არჩევნებზე მაქსიმალური გაკეთდეს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ოდნავ მაინც დაახლოებული დემოკრატიული სამართლიანი არჩევნები," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია.
სალომე სამადაშვილის თქმით, ამერიკელი დელეგატები მართლმსაჯულების სისტემის რეფორმით და ამ სისტემაში არსებული გამოწვევებით და პრობლემებით დაინტერესდნენ. როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ამერიკული დელეგაციის მხრიდან ყურადღება გამახვილდა მომავალ არჩევნებზეც.
პარტია "საქართველოსთვის" წევრი გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, საუბარი შეეხო საქართველო აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას და უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებს.
"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ მართლმსაჯულების რეფორმას ამერიკელი სენატორები ქვეყნის განვითარებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ბადრი ჯაფარიძის თქმით, სენატორებთან ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ დეოკუპაციისთვის მნიშვნელოვანია ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებების დონე აიწიოს და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დონეზე მოხდეს პრობლემის განხილვა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ამერიკელი სენატორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის შესრულებას. გიორგი ვაშაძის თქმით, სენატორების მისამართით გაჟღერებული იქნა თხოვნა, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაში დახმარებისთვის.
სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ, მათი პირველი აქტივობა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მონახულებით დაიწყეს. ჯინ შაჰინმა და რობ პორტმანმა შეხვედრები სამოქალაქო სექტორის, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან და პრემიერ-მინისტრთან გამართეს. კონგრესის დელეგაცია საქართველოს დღეს დატოვებს.