"ლელოს" ლიდერებს იმედი აქვთ, რომ მათ ინიციატივას ანტიკორუფციულ პროექტთან დაკავშირებით მხარდაჭერა ექნება როგორც ოპოზიციისგან, ისე "ქართული ოცნების" ნაწილისგან.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, განსაკუთრებით საგანგაშოა მდგომარეობა რეგიონებში, სადაც ხელმძღვანელ პირებსა და კონტრაქტის მიმღებ კომპანიებს შორის კავშირები იკვეთება.
"600 მილიონ ლარზე მეტია კონტრაქტები რეგიონებში, სადაც იკვეთება კავშირები ადგილობრივ ხელმძღვანელ პირებსა და კონტრაქტის მიმღებ კომპანიებს შორის. ანუ, ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან დიდი რაოდენობით თანხებზე, ამიტომ საჭიროა შესწავლა და გამოძიება. იმედი მაქვს, რომ ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ ოპოზიციაში და უფრო მეტიც - ვიმედოვნებ, რომ მხარს დაუჭერს "ქართული ოცნების"დეპუტატების ნაწილიც,"- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
"ჩვენ თუ კარგი სასამართლო გვექნება, ის თვითონ გამოიკვლევს კორუფციის შემთხვევებს," ასეთია იაგო ხვიჩიას პოზიცია, რომელიც ინიციატივის მხარდაჭერას არ აპირებს.
მხარდაჭერას არ აპირებენ არც "ქართულ ოცნებაში". უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ დანაშაულის ცალკეული შემთხვევები ქვეყანაში ფიქსირდება, თუმცა ეს არ არის სისტემური პრობლემა, შესაბამისად, საჭიროდ არ მიაჩნიათ ამ მიმართულებით პარლამენტმა იმუშაოს.
"თუ კი სადმე რაიმე კორუფციული ფაქტი დაფიქსირდა, ამას სახელმწიფო ებრძვის განსაკუთრებულად და არავის არ აქვს სახელმწიფოს მხრიდან არანაირი შემწყნარებლობა, ვინც არ უნდა იყოს ის. ეს განცხადება არის ორიენტირებული იმაზე, რომ მოსახლეობის ყურადღება მიიპყროს. მათ აქვთ მცდელობა, რომ გარკვეული მანიპულაციებით მეტი მხარდამჭერი მოიპოვონ,"-აცხადებს "ქართული ოცნები" წევრი გივი მიქანაძე.