პარლამენტში 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის პროექტის განხილვა გრძელდება. "ქართული ოცნების" ვერსიაზე იურიდიულ კომიტეტში მეორე მოსმენით იმსჯელებენ.
მხარეები იმედოვნებენ, რომ ერთ დოკუმენტზე შეჯერებას განხილვის ამ ეტაპზე მაინც მოახერხებენ.
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია იმედოვნებს, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენისას იქნება დისკუსიები და მხარეები ეცდებიან, რომ ან აქეთ დაარწმუნოს ვიღაცამ ან – იქით.
"ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტია, შეიძლება, არც ერთი არ მიმაჩნდეს ზუსტად ისეთად, როგორც შარლ მიშელის დოკუმენტშია, მაგრამ მგონია, რომ ამ დოკუმენტთან უფრო ახლოს არის "ქართული ოცნების" ვერსია, ვიდრე ოპოზიციის," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ მათ მიერ ინიცირებული ამნისტიის შესახებ კანონპროექტი სრულ თანხვედრაშია შარლ მიშელის დოკუმენტთან.