17 ნოემბერი 2024,   00:25
ვრცლად
2 000 ლარიანი ჯარიმა და 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა - ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის რეგულაციები შესაძლოა გამკაცრდეს 

ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში ადმინისტრაციული ზომები მკაცრდება.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებები, რომელიც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში ადმინისტრაციული ზომების გამკაცრებას ითვალისწინებს.

კანონპროექტით, ალკოჰოლური სიმთვრალისას სატრანსპორტო საშუალების მართვა გამოიწვევს მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას, ხოლო ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება.

მართვის უფლების შეჩერების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას.

"ამ ცვლილებების არსი მდგომარეობს იმაში, რომ განმეორებით შემთხვევაში ჯარიმასთან ერთად გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული პატიმრობა. ნებისმიერი ამგვარი ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა გაიზარდოს 700-დან 2000 ლარამდე და ადმინისტრაციული პატიმრობა 5-დან 15 დღემდე" - განაცხადა პარტია "მოქალაქეების" გენერალურმა მდივანმა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები