17 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
ყველაზე დიდი დისბალანსი მარნეულის ერთ-ერთ უბანზე გამოიკვეთა - გივი მიქანაძე

საპარლამენტო არჩევნების სადავო უბნების გადათვლა გრძელდება. პარლამენტის სპეციალური საგამოძიებო კომისიის ფარგლებში სპეციალურმა ჯგუფმა დღეს 5 უბანი დაითვალა, მათ შორის, მარნეული, სადაც ყველაზე მეტი დისბალანსი დაფიქსირდა.

გადათვლის დროსაც სხვაობა დიდია, ამიტომ, შესაძლოა მარნეულის უბნის წარმომადგენელი გამოსაკითხად დაიბარონ.

როგორც კომისიის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ აღნიშნა, სავარაუდოდ, ცენტრალური კომისიის თავმჯდომარესაც დაიბარებენ. 

"ყველაზე დიდი დისბალანსი მარნეულის ერთ-ერთ უბანზე გამოიკვეთა. რაც იქ მოცემულობა არის, გადათვლის შედეგად დაფიქსირდა ზუსტად იგივე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კომისიამ გადაითვალა ყველა მონაცემი სწორად. ჩვენ ვიმსჯელებთ და სავარაუდოდ, ამ უბნის კომისიის წევრების მოწვევა იქნება საჭირო.

ვფიქრობთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოსვლა იქნება აუცილებელი კომპონენტი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის ფორმატში ამ საკითხზე არ გვიმსჯელია, ნაადრევ განცხადებას არ გავაკეთებ,"- აღნიშნა გივი მიქანაძემ. 

შეგახსენებთ, რომ კომისიამ გადათვლა გუშინ დაიწყო და 10 საარჩევნო უბნის შედეგები, ორ ოთახში პარალელურ რეჟიმში პირდაპირ ეთერში გადაითვალა.

დღის ამბები