17 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
პარლამენტში ამნისტიის პროექტის განხილვა გრძელდება - "ქართული ოცნების" ვერსიაზე იურიდიულ კომიტეტში მეორე მოსმენით იმსჯელებენ

პარლამენტში ამნისტიის პროექტის განხილვა გრძელდება - "ქართული ოცნების" ვერსიაზე იურიდიულ კომიტეტში მეორე მოსმენით იმსჯელებენ. სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს, თუმცა საკითხის განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

პარლამენტის წევრის და პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრ პაატა მანჯგალაძის განცხადებით, კანონპროექტის ოპოზიციის ვერსია გადადებულია იმიტომ, რომ ოპოზიციის ვერსიასა და "ოცნების" ვერსიას შორის პოზიციების დაახლოება მოხდეს.

"ოპოზიციის ვერსია არის გადადებული. გადადებულია იმიტომ, რომ ჩაერიოს ამ პროცესში, რომ პოზიციების დაახლოება მოხდეს ჩვენს ვერსიასა და ხელისუფლების ვერსიას შორის. თუ ისეთი განწყობა ექნება "ქართულ ოცნებას", რასაც ამჟღავნებდა დიდ წილად საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით შესაძლებელია შეთანხმდნენ და თუ ჯიუტად დაიჩემებენ იმას, რომ წინასწარი თანხმობა სჭირდება ამნისტიის განხორციელებას და არანაირად არ უნდათ, რომ დაზარალებულის თანხმობა იყოს მაშინ ვერ შევთანხმდებით რა თქმა უნდა," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი აცხადებს, საერთო დოკუმენტამდე მისვლის შესაძლებლობა მხარეებს კიდევ გააჩნიათ.

"მცდელობა არ დავაკელით, მეც პირადად და ალეკომაც, იმისთვის, რომ საერთო კანონპროექტამდე მივსულიყავით. ვფიქრობ, რომ კიდევ არის ამის შესაძლებლობა, რომ დავსხდეთ და საერთო დოკუმენტამდე მივიდეთ - ეს იქნება სწორი გამოსავალი აქედან, თორემ, რა თქმა უნდა, ორი კანონპროექტია დაინიცირებული და ახლა რომელი გავა და რომელი ჩავარდება, ამის გამოცნობა რთული არ არის. ვიცით, რომ შემოდის "ნაციონალური მოძრაობა" მომავალ კვირას და მათი პოზიცია იქნება, ასევე, საინტერესო და ისინი უნდა ჩაერთონ ამ დისკუსიაში, უნდათ თუ არ უნდათ, მოუწევთ ამ დისკუსიაში ჩართვა," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის პოზიციაა, არავის აიძულონ ამნისტიის მიღება და ეს კონკრეტული პირის არჩევანი უნდა იყოს.

"საუბარი იყო, რომ დაზუსტებულიყო კონკრეტული დღეებით, 20-21 ივნისით ეს დაზუსტდება, არის ასევე გარკვეული პროცედურული საკითხები დაზუსტების მიზნით შემოთავაზებული, სხვა არსებითი ხასიათის ცვლილება არ არის.

როგორ შეიძლება ადამიანი ვაიძულოთ, რომ მიიღოს ამნისტიის აქტი, თუ არ სურს მიღება. ოპოზიცია გვეუბნება, რომ უნდა ვაიძულოთ კონკრეტული პირი თუ პირები, რომ მიიღონ ამნისტია. ჩვენი პოზიციაა, რომ არავის არ ვაიძულებთ, ეს მისი არჩევანია, სახელმწიფო გამოსცემს აქტს, ავტომატურად დაიწყება ამნისტიის გავრცელება თუ კი პირი მიზანმიმართულად, საჯაროდ თუ ოფიციალურად არ დააფიქსირებს, რომ ის წინააღმდეგია მიიღოს ამნისტია და ამნისტიის საფუძველზე პატიება," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები