17 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
ერთი საპროტესტო სიტყვაც კი არ აღმოხდა მათ თავ-ყბას, ყველა დუმდა - შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესულ ოპოზიციონერებზე 

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი, გუშინ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში გამართულ კენჭისყრას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც იმ პარტიებს, რომლებიც მანდატებს არ გამოიყენებენ და პარლამენტში არ შევლენ, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ პრივილეგიებს კარგავს. 

შალვა ნათელაშვილი შექმნილ ვითარებაში მთელს პასუხისმგებლობას საქართველოში აშშ-ს ელჩ კელი დეგნანს აკისრებს: 

"მას შემდეგ, რაც რეჟიმმა ვერაფრით გატეხა "ლეიბორისტული პარტია" და ვერ გვაღიარებინა დანაშაულებრივი პარლამენტი, წუხელ ივანიშვილის დავალებით პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა კენჭი უყურა კანონპროექტს, ფაქტობრივად "ლეიბორისტული პარტიის" აკრძალვის შესახებ. 

შექმნილ ვითარებაში მთელს პასუხისმგებლობას ვაკისრებ ტრამპის მიერ, საქართველოში დანიშნულ ამერიკის ელჩ კელი დეგნანს, რომელიც გადაიქცა რუსი ოლიგარქის დავალებათა შემსრულებლად პოლიტიკურ პარტიებზე ზეწოლისთვის, რათა აიძულოს ისინი, შევიდნენ პარლამენტში და ამით გადარჩეს პროპუტინისტური რეჟიმი.

ახლა, ამ ქალბატონმა კეთილი ინებოს და როგორც პარტიები აიძულა შესულიყვნენ ამ დანაშაულებრივ პარლამენტში, ასევე აიძულოს თავისი მეგობარი ბიძინა ივანიშვილი სანქციების მუქარით, რომ ეს კანონპროექტი შუბლზე გაიწეროს. სხვა შემთხვევაში, მთელს მსოფლიოს ფეხზე დავაყენებთ. ჩვენ ამ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ, მის გათეთრებას, გალეგიტიმურებას. ყველა რომ დაგვიჭირონ, იმ შემთხვევაშიც კი. ამიტომ, აზრი არ აქვს იმის გაკეთებას, რასაც აპირებენ. ამ პროვოკაციების მსხვერპლი თვითონ გახდებიან,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

ხოლო, "რუსთავი 2-ის" შეკითხვას, თუ რაზე დაყრდნობით აკისრებს ნათელაშვილი კელი დეგნანს პასუხისმგებლობას, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ამბობს, რომ ელჩი დეგნანი მას 6 თვე აძალებდა პარლამენტში შესვლას. 

"ექვსი თვე მაძალებდა პარლამენტში შესვლას. ამ კანონპროექტზე ხმაური ადრევე იყო ატეხილი. ეს დაწერეს, რომ პარტიები ეიძულებინათ, შესულიყვნენ პარლამენტში, შემდგომ გადაიგზავნა ვენეციის კომისიაში ექსპერტიზისთვის. მოვიდა დასკვნა, გვითხრეს, რომ არაფერ შუაშია პარტიის მიერ ბარიერის გადალახვა და შესაბამისი კვალიფიციური სტატუსი იმასთან, შევა თუ არა პარტია პარლამენტში. ჩვენ საპარლამენტო დაფინანსებას არ ვიღებთ, ხელფასს არ ვიღებთ, მეტი რა გავაკეთოთ, მობილურის ფულს არ ვიღებთ, საწვავს არ ვიღებთ, ოთახს არ ვიღებ, ფეხს არ ვდგამ, რაღა უნდათ. თუ მამაცხონებულები უჩემოდ ვერ გაძლებდნენ, მაშინ ასე კი არ უნდა გაეყალბებინათ არჩევნები, ოდნავ პატიოსნად უნდა გაეყალბებინათ, რომ ფრაქცია მაინც ჰყოლოდა იმ პარტიას, რომელსაც რეიტინგში ვერავინ უსწრებს," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა

ამასთან, შალვა ნათელაშვილმა იმ ოპოზიცური პარტიებსაც უსაყვედურა, დუმილის გამო, რომლებიც აქამდე ივანიშვილის რეჟიმს აპროტესტებდნენ, ახლა კი პარლამენტში შევიდნენ. 

"ერთი საპროტესტო სიტყვაც კი არ აღმოხდათ გუშინდელ კანონპროექტზე ოპოზიციონერების თავ-ყბას. ყველა დუმდა. მათ ის აღიზიანებთ, თვითონ რომ გაისვარნენ და ჩვენ არ ვართ გასვრილები,"- აცხადებს შალვა ნათელაშვილი.  

  

დღის ამბები