"ნაციონალური მოძრაობა" ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. ენმ-ში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ "ღამის კურიერში" გაკეთებულ განცხადებას უპასუხეს, სადაც კობახიძემ ოპოზიციური პარტიის გეგმებთან გახარიას შესაძლო კავშირზე ისაუბრა.
"ჩამოშლილი, გაკოტრებული ძალა, რომელსაც არავითარი იმედი არ აქვს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ისინი მოახერხებენ გამარჯვებას და ეჭვგვარეშეა, რომ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები და ახლა საუბრობენ იმდენად სულელურ აბსურდს, რომ შეურაცხყოფას აყენებენ არამხოლოდ საზოგადოებას, არამედ საკუთარ ამომრჩეველსაც კი, ამიტომ ეს არის შედეგი იმისა, რა მდგომარეობაშია დღეს ქართული ოცნება და კლეპტოკრატიული რეჟიმი," - აცხადებ "ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე.
ნაციონალური მოძრაობისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქმედებებს შორის დამთხვევებს ხედავს ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და ეჭვი აქვს, რომ ეს დამთხვევები უნებლიედ არ ხდებოდა:
"ყველა მოქმედება და ნაბიჯი, მათ შორის გადადგომაც დაემთხვა იმ ინტერესს, რომელზეც ღიად დაიწყეს საუბარი ნაცმოძრაობის ბანაკიდან ალამუთის ციხესიმაგრიდან. დამთხვევაც არის და დამთხვევაც, როდესაც სახელმწიფოებრიობა და უსაფრთხოება დგას დღის წესრიგში ამას ნამდვილად დამთხვევას ვერ დავარქმევ,"- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ ნიკა მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას მხრიდან გაჟღერებული პოზიციის შემდეგ, თანამდებობიდან წასვლის მიზეზი მისთვის გაუგებარია:
ჩვენ ვითხოვდით განმარტებებს თუ რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა და ბატონი გახარია იყო ერთ-ერთი ძალიან აქტიური მხარდამჭერი იმისა, რომ ჩვენ მოგვეხსნა იმუნიტეტი. აი ამ კონტექსტიდან გამომდინარე და იმ საუბრიდან გამომდინარე რომელიც ჩვენ გვქონდა მასთან ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო ორი დღის თავზე ამ მიზეზით გადადგომა, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.