აუდიტის სამსახურის ანგარიშს, სადაც საუბარია თბილისის მერიის მუნიციპალიტეტებში არსებულ დარღვევებზე, თბილისის მერია გამოეხმაურა. ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ სახეზე მართლაც იყო ფორმალური გადაცდომები, რომელზე რეაგირებაც აუცილებლად მოხდება.
"ჩვენ სახეზე გვაქვს ფორმალური ტიპის გადაცდომები და ეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. მაგალითად, თანამშრომელთა ნამუშევრების აღრიცხვა არ ემთხვევა რეალურად მათი დანამატების სისტემა. როგორც კი ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა აუდიტის სამსახურთან, მოკვლევა ფაქტებზე მაშინვე დავიწყეთ და ამაზე ცხადია რომ რეაგირებას მოვახდენთ. მუნიციპალიტეტში 28 000 თანამშრომელი მუშაობს და ჩემთვის მოლოდინს მიღმა არ არის ის, რომ ასეთ გადაცდომებს ადგილი ჯერ კიდევ აქვს," - აცხადებს თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე.
აუდიტის სამსახური თბილისის მერიის მუნიციპალიტეტებში დარღვევების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. საუბარია 2017-18 წლებზე.
ანგარიშის მიხედვით, კითხვის ნიშნები ჩნდება სახელფასო დანამატებსა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებაზე. ასევე საწვავთან და ავტომობილების შეძენასთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტებმა იმავე წლებში მიზნობრიობა ვერ დაასაბუთეს.