ექიმის საქმეს, რომელიც წლების განმავლობაში გაყალბებული დოკუმენტაციით მუშაობდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. კლინიკას კი, სადაც ამბობენ, რომ მათ დოკუმენტაციის გადასამოწმებლად შესაბამისი ბაზა არ ჰქონდათ, ჯარიმის სახით - 700 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
დარღვევები რეგულირების სააგენტომ შემოწმების დროს აღმოაჩინა. თავად ექიმს კი, რომელიც როგორც მაკონტროლებელი ორგანოს დასკვნით ირკვევა, პაციენტებსაც ატყუებდა და კლინიკის ადმინისტრაციასაც, კამერებთან გამოჩენა არ სურს.
ია კვერნაძე კლინიკიდან გაათავისუფლეს. არაკვალიფიციური ექიმი-ლაბორანტი ქუთაისის ერთ-ერთ მულტიპროფილურ კლინიკაში წლების განმავლობაში გაყალბებული სერტიფიკატით მუშაობდა. ის პაციენტების ანალიზების სანდოობაზე იყო პასუხისმგებელი, მათ შორის, კოვიდგანყოფილების მიერ ჩატარებულ კვლევებზეც.
"კურიერმა" გაარკვია, რომ მედიკოსის საქმით საგამოძიებო უწყება დაინტერესდა. ექიმი "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ამტკიცებს, რომ დოკუმენტის გაყალბების შესახებ არაფერი იცოდა. თუმცა ვერანაირ საბუთს ჯანდაცვის უწყებაში გამოცდების ჩაბარების გარეშე ია კვერნაძე ვერ მიიღებდა და ეს წესით მედიკოსს უნდა სცოდნოდა.
ექიმის უსერტიფიკატობას ოფიციალური დაზარალებული არ ჰყავს, მაგრამ ისიც არავინ იცის, რამდენად სანდო და სწორ კვლევებს ატარებდა არაკვალიფიციური მედიკოსი.