დღეს საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებიდან კიდევ ერთ დელეგაციას უმასპინძლებს.
თბილისში ჩამოდის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.
ფილიპ რიკერის ვიზიტის მიზანი დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის აშშ-ის მხარდაჭერის გამოხატვაა.
მთავარი თემა იქნება შარლ მიშელის შეთანხმება და რუსული აგრესია. გაიმართება შეხვედრები მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ფილიპ რიკერის ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილია იმისა, რომ საქართველოში რუსული გავლენები არ გაძლიერდეს.
"ეს ვიზიტი საკმაოდ ნათელი გზავნილია იმისა, რომ "ქართული ოცნება" ვერ შეძლებს საქართველო დაუბრუნოს რუსეთის გავლენებს. ჩვენი პარტნიორები ხედავენ, რომ საქართველო საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ "ოცნების" მმართველობის პერიოდში, დავინახეთ რამდენად გაძლიერდა რუსეთის გავლენები საქართველოსა და რეგიონში,"- აცხადებს პარლამენტარი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნონა მამულაშვილი.
"ევროპულ საქართველოსა და "სტრატეგია აღმაშენებელში" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ფილიპ რიკერის საქართველოში ჩამოსვლას, მნიშვნელოვან ვიზიტად აფასებენ.
"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინაპირობაა. ფილიპ რიკერი კარგად იცნობს საქართველოს პრობლემატიკას და დარწმუნებული ვარ, მისი გზავნილი იქნება მკაფიო და კრიტიკული,"- აცხადებს ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი.
"ნებისმიერი ჩვენი პარტნიორები, ამერიკიდან, ევროპიდან, მხარს უჭერენ არა რომელიმე მთავრობას, არამედ საქართველოს მოსახლეობას და მათ დემოკრატიულ არჩევანს. ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია. შარლ მიშელის გეგმა არის პირველი ნაბიჯი, რამაც უნდა მიგვიყვანოს თვითმმართველობის არჩევნებით ვადამდელ არჩევნებამდე, სხვაგვარად პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში ვერ განიმუხტება,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარის მოადგილე პაატა მანჯგალაძე.