ფილიპ რიკერის საქართველოში ჩამოსვლას მმართველი გუნდი აშშ-ის და საქართველოს პარტნიორობის უმაღლეს დონეს უკავშირებს. როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, მაღალი რანგის სტუმრის ჩამოსვლით ვაშინგტონი ხაზს უსვამს, რომ საქართველო რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ლიდერი პარტნიორი ქვეყანაა.
"შეერთებულ შტატებთან, ისევე როგორც ნატოსთან და ევროკავშირთან მიმართებაში, არასდროს საქართველო არ ყოფილა იმაზე ახლოს, როგორც ეს არის დღეს. ეს მაღალი დონის ვიზიტი ცხადყოფს ამ კავშირის მნიშვნელობას და საქართველოს როლის გაზრდა რეგიონში, რეგიონში შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარების და იმ ინტერესის გამო, რომელიც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს გააჩნიათ კავკასიაში, ასევე საქართველოს ინტერესიდან გამომდინარე, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, იყოს ევროპული და ევროატლანტიკური ორგანიზაციების წევრი და ჰქონდეს მკაფიო და მყარი კავშირი სტრატეგიულ პარტნიორებთან,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.