როგორ მუშაობს სამთავრობო გუნდი - პროგრამის შესრულებაზე პრემიერ-მინისტრის წერილობითი ანგარიში დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომას წარედგინება.
სწორედ ეს დოკუმენტი დაედება საფუძვლად, ირაკლი ღარიბაშვილის პლენარულ სხდომაზე გამოსვლას, რომლის ზუსტი დროც მოგვიანებით განისაზღვრება.
151 გვერდიან ანგარიშში, ყურადღება გამახვილებულია ქვეყანაზე კორონავირუსით გამოწვეულ გავლენასა და ამ მიმართულებით მთავრობის კონკრეტულ ნაბიჯებზე.
მანამდე კი, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ეკონომიკური განვითარების თემაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელის ეკონომიკაც ყველაზე სწრაფად აღდგება.
"ძალიან ბევრი ფაქტორი არის, რაც რეალურად გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ წელს ეკონომიკის აღდგენის პროცესი, არსებითად განსხვავებული იქნება. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელის ეკონომიკაც ყველაზე სწრაფად აღდგება,"- აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ისინი ირაკლი ღარიბაშვილისთვის მძიმე და უკიდურესად მწვავე შეკითხვების დასმას აპირებენ, განსაკუთრებით კიმ ეკონომიკურ ჭრილში.
"ჩვენ ყველა თემაზე ძალიან მძიმე შეკითხვები გვექნება პრემიერთან. მათ აღარ ექნებათ ის მარტივი ცხოვრება, რომელიც აქამდე იყო. მე მას ჰაკიმ ფაშას არ დავუძახებ, რადგანაც მთავარი საკითხი ის კი არ არის რას დავუძახებთ მას, მთავარია ის კითხვები დავუსვათ, რაც ხალხს აინტერესებს,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.
დავით უსუფაშვილი კი პროგნოზირებს, რომ დღეს, პრემიერის ანგარიშის წარდგენისას, საზოგადოება, შიდა "ოცნებური" დაპირისპირებების, ინტრიგებისა და თამაშების მორიგ სერიას იხილავს.
"საინტერესოა ის სტილი, რომლითაც ღარიბაშვილი აპირებს გიორგი გახარიას მუშაობის პარლამენტში წარმოდგენას. როგორც ჩანს, ჩვენ შიდა "ოცნებური" დაპირისპირებების, ინტრიგებისა და თამაშების მორიგ სერიას ვიხილავთ,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი დავით უსუფაშვილი.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრემიერის ანგარიში ყველა მწვავე საკითხს ეხმიანება.