ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსანი თბილისში ვიზიტს განაგრძობს. სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი ახლა მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება, ცოტა ხნის წინ, კი ის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის ინფორმაციით, საუბარი შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებასა და საარჩევნო რეფორმას შეეხო.
"ჩვენი საუბრის თემა შეეხებოდა პოლიტიკური შეთანხმების შესრულებას. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ადგილობრივი არჩევნებისთვის და არჩევნები ისეთი სისტემით უნდა ჩავატაროთ, რომ შედეგებთან დაკავშირებით კითხვები არ იყოს, იმისთვის, რომ შემდეგი პოლიტიკური კრიზისი არ დაიწყოს ქვეყანაში,"- განაცხადა ეკა გიგაურმა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი სასამართლო სისტემის რეფორმა იყო.
"ერთ-ერთი უმთავრესი განსახილველი საკითხი იყო სასამართლო რეფორმა, როგორც ფუნდამენტური ინსტიტუცია იმისთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები სწორად წარიმართოს. ასევე, შევეხეთ საარჩევნო საკითხებს, პოლიტიკაში პოლარიზაციის საკითხებს. ჩვენ ჩვენი ხედვები შევთავაზეთ, თუ როგორ შეიძლება ეს პოლიტიკური კრიზისი დაიძლიოს,"- განაცხადა სიმონიშვილმა.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, შეხვედრაზე ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესების გზებზე ისაუბრეს.
"ვისაუბრეთ მაზე, თუ როგორ უნდა იყოს ძალაუფლება დანაწილებული სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორებს შორის იმისათვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები იყოს უზრუნველყოფილი. ასევე, ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსები უსმენდნენ მოქალაქეებს და მათ საჭიროებებს პასუხობდნენ ნაცვლად ვიწროპარტიული ინტერესებისა. ასევე, ცხადია, ჩემი მხრიდან არჩევნებზეც იქნა ყურადღება გამახვილებული,"- განაცხადა ნინო დოლიძემ.