"კურიერი" ნინოწმინდის პანსიონიდან გაყვანილი ბავშვების ნაწილს ესაუბრა. 4 ყოფილი ბენეფიციარი აჭარაში გადაანაწილეს. ისინი პანსიონში არსებულ ვითარებასა და საკმაოდ მძიმე ისტორიებზე საუბრობენ.
ბენეფიციარები "კურიერის" კამერებთან ნინოწმინდის პანსიონში გატარებულ 6 წელზე საუბრობენ.
მოზარდები ჰყვებიან და იხსენებენ პანსიონის მასწავლებლების მხრიდან სხვადასხვა სადამსჯელო მეთოდებზე, კერძოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვები შინაგანაწესს არ დაემორჩილებოდნენ, პედაგოგები მათზე ბლაგვ საგნით ძალადობდნენ.
"მასწავლებლებს, რომ გავაბრაზებდით ყურს აგვიწევდნენ, მაგრამ ძალიან, რომ გავაბრაზებდით კუთხეში დაგვაყენებდნენ და სანამ არ დაგვიძახებდნენ, იქამდე არ გამოგვიყვანდნენ. ან სხვა მეთოდით, ძალიან-ძალიან, რომ გავაბრაზებდით აიღებდა რამეს, ჯოხს ან რამეს და იმით გვცემდა. მეც ვუცემივარ. ფეხებზე და ხელებზე დამარტყა, ფიცარი იყო," – განაცხადა ერთ-ერთმა მოზარდმა.
თუ ბავშვი არ ისწავლიდა, ამ შემთხვევაში რამდენიმე საათით და ხშირ შემთხვევაში გვიან ღამემდეც ბავშვებს შიმშილი უწევდათ და დაწოლის საშუალებას არ აძლევდნენ.
"ფეხზე ავდექი, მასწავლებელი მოვიდა და ძალიან გამეტებით დამარტყა ფეხში ჯოხი. ხშირად გვცემდნენ. კიდევ საჭმელს არ გვაჭმევდნენ, სანამ არ ვისწავლიდით გაკვეთილს. თუ მთელი დღე ვერ ვახერხებდით სწავლას, მთელი დღე მშიერი ვიყავით. დღესასწაული, თუ იქნებოდა იმ დღეს გვაჭმევდნენ დილით, შუადღეს და ღამე არ გვაჭმევდნენ," - აცხადებს ერთ-ერთი მოზარდი.
ყოფილ ბენეფიციარებთან ინტერვიუს ოჯახის ზრდასრული წევრები ესწრებოდნენ და სწორედ მათთან შეთანხმებით მოხდა მოზარდების ჩაწერა.