ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, დღეს გამოქვეყნებული ბიძინა ივანიშვილის წერილი იმის დასტურია, რომ ის პოლიტიკიდან არსად წასულა.
მისი აზრით, ბიძინ ივანიშვილი ხელს უწყობს გიორგი გახარიას "ქართული ოცნებისგან" გამიჯვნაში, რაც მას დაეხმარება იპოზიციონიროს, როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.
"გაუგებარია ივანიშვილის განაცხადი, ერთის მხრივ, რომ ის ჩამოშორდა პოლიტიკურ პროცესებს ქვეყანაში და, მეორეს მხრივ, ვხედავთ, რომ მნიშვნელოვნად როგორც კი ჩათვალა რაღაც პოლიტიკური განვითარება, აქტიურად დაიწყო საკუთარი პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება. ეს კიდევ ერთხელ ამოწმებს იმას, რომ ივანიშვილი, რეალურად, არსად წასულა, ის მხოლოდ გაექცა პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე, გაექცა იმ შეკითხვებს, რომელიც არსებობს დღევანდელ ხელისუფლებასთან; მას არ სურს, რომ ანგარიშვალდებული იყოს იმ ყველაფერზე, რაც ხდება ქვეყანაში; მაგრამ, ამავე დროს, ის რეალურად არსად არ წასულა და სასამართლოში რაც ხდება, სასამართლო კლანი მიაჩნია, რომ არის მისი მართვის ერთ-ერთი ბერკეტი და ამიტომ არის ასეთი რთული სასამართლო სისტემაში რეფორმების განხორციელება. ამ წერილმა, ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.
რაც შეეხება იმას, გახარიასთან მიმართებაში როგორ პოზიციონირებს ივანიშვილი, მე დარწმუნებული ვარ და სხვა აზრს უბრალოდ ვერ ვხედავ, გარდა იმისა, რომ ივანიშვილი ძალიან კარგად ხვდება, რომ მხოლოდ "ქართული ოცნება" ვეღარ იქნება მისთვის სანდო პოლიტიკური საყრდენი და ახლა ფიქრობს, რომ გადაანაწილოს საკუთარი ძალები და ინტერესები სხვადასხვა მოთამაშეებზე.
ცხადია, გახარიასთვის, იმისთვის, რომ მას ჰქონდეს ლეგიტიმურობა, როგორც ოპოზიციონერ პოლიტიკურ მოთამაშეს, ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა ძალიან მომგებიანია. ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთი ხელით აკრიტიკებს გახარიას და მეორე ხელით ხელს უწყობს მის გამიჯვნას "ქართული ოცნებისგან". თუმცა, მე ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, გახარია ისევ იმ ხმებს წაიღებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, გახარიას ხმას არასდროს არ მისცემს ის, ვისაც რეალურად სურს ქვეყანაში "ქართული ოცნების" ხელისუფლების შეცლა,"-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.