17 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
შეთქმულება აზრს მოკლებული არ არის, საეჭვოდ დაემთხვა მისი გადადგომა ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებებს - სუბარი გახარიაზე

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი "დღის კურიერის" ეთერში ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადება გადადგომის შესახებ და პარტიის "საქართველოსთვის" დამფუძნებელ ყრილობაზე გაკეთებული მისივე განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გადადგა ის პრემიერობის პოსტიდან, ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

სოზარ სუბარი გიორგი გახარიას ღალატსა და შესაძლო შეთქმულებაშიც ადანაშაულებს. "ქართული ოცნების წევრის თქმით, ყოფილი პრემიერის გადადგომა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოწოდებები საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს.

"ყოფილ პრემიერს როცა ვახსენებთ, ბოლო პრემიერის განცხადებებზე ვიტყვი, რომ მისი განცხადება გადადგომის შესახებ და შემდეგ უკვე პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე გაკეთებული განცხადებები თუ რატომ გადადგა, აბსოლუტურად ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს და აქედანაც გამოჩნდა მისი არაგულწრფელობა და ის, რომ ვერანაირად ვერ ახერხებს დაასაბუთოს თუ რამ განაპირობა მისი ეს ნაბიჯი, თუმცა ამას ჩვენ პირველივე დღეებში დავარქვით ძალიან მკაფიო სახელი, ეს იყო გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი, ეს იყო კანონისა და სამართლის უზენაესობის ღალატი და კანონისა და სამართლის უზენაესობისადმი ლახვრის ჩაცემის მცდელობა.

პროკურატურა თვითონ გადაწყვეტს დაიწყებს, თუ არა გამოძიებას. რაც შეეხება შეთქმულებას, ჩემი ეჭვი იყო ის, რომ პირველივე დღეს ვთქვი, რომ გაოგნებული ვიყავი ამ მართლა წარმოუდგენელი ნაბიჯით, იმიტომ, რომ ეს იყო ღალატი, თუმცა როგორც ჩანს, შეთქმულებაც აზრს მოკლებული ვერსია არ არის, სწორედ იმიტომ, რომ ძალიან საეჭვოდ დაემთხვა მისი გადადგომა იმ მოწოდებებს, რომლებიც კიევიდან ისმოდა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი პირდაპირ სთხოვდა თავის თანაგუნდელებს, რომ შექმნილიყო ალტერნატიული მთავრობა და მოუწოდებდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ოფიცრებს, რომ არ დამორჩილებოდნენ ხელისუფლების ბრძანებებს და შეექმნათ რაღაც ალტერნატიული მთავრობა," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები