პარლამენტს თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, NATO-ს სამიტთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტი განცხადებას მიიღებს.
კახა კუჭავას განმარტებით, მრავალპარტიული დოკუმენტის მიზანია ხაზი გაუსვას იმ დიდ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომელიც პარლამენტში საქართველოს NATO-ში გაწევრებას აქვს. მისივე თქმით, ხვალ, პლენარული სესიის მსვლელობის დროს ეს განცხადება იქნება წარდგენილი რუსთაველის დარბაზში და ნებისმიერ დეპუტატს, ისევე როგორც პოლიტიკური ჯგუფის სახელით, ასევე ინდივიდუალურად, საშუალება ექნება ხელი მოაწეროს.
"პარლამენტის სახელით ჩვენ ერთად მოვამზადეთ განცხადება, რომელიც მრავალპარტიულია და პირველ რიგში, ხაზს უსვამს იმ დიდ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომელიც პარლამენტში ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრებას აქვს,"- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
ნატოს სამიტი, 14 ივნისს, ბრიუსელში უნდა გაიმართოს.