ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის განცხადებით, მისი ვიზიტის გზავნილია საქართველოში დემოკრატიის წარმატების უზრუნველყოფა. ამ კონტექსტში მან ყურადღება გაამახვილა 19 ივნისი შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე.
"ჩემი ვიზიტის გზავნილი გახლავთ ის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს წარმატება, როგორც განვითარებული, უსაფრთხო დემოკრატიისა. ამ კონტექსტში, ძალიან მნიშვნელოვნია, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს.
დღევანდელ შეხვედრებზე ყურადღებას ვამახვილებდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში, განსაკუთრებით ახლა, როდესაც არის კორონავირუსით გამოწვეული სიტუაცია, ეკონომიკური პრობლემები და რა თქმა უნდა, რუსეთის მხრიდან რეგიონების ოკუპაცია. ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრისას უკვე შევახსენე და მოგვიანებით, ოპოზიციას რომ შევხვდები, მათაც შევახსენებ, რომ კომპრომისი, ეს არის აუცილებელი ნაწილი ნებისმიერი დემოკრატიული განვითარებისა, განსაკუთრებით ისეთ მრავალფეროვან და მრავალპარტიულ ქვეყანაში, როგორც საქართველოა.
ჩემი გზავნილი გახლავთ ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და, რა თქმა უნდა, გმობს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას,"- განაცხადა ფილიპ რიკერმა.