17 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
ანრი ოხანაშვილი გიორგი ვაშაძეს დებატებში იწვევს

ანრი ოხანაშვილი გიორგი ვაშაძეს დებატებში იწვევს. ურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს დებატებში მონაწილეობა ბიუროს სხდომის მიმდინარეობისას შესთავაზა.

ამის საფუძველი ვაშაძის განცხადების გამო დაწყებული კამათი გახდა. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის თქმით, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" მმართველი გუნდის მიერ გატარებული ცვლილებები ანტიდემოკრატიულია და მსგავსი შეფასება ჰქონდათ საერთაშორისო პარტნიორებსაც, მათ შორის შტატების საელჩოს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძე სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.

"ფაქტი ერთია, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება როგორც არასდროს ისეა დაცული. წერტილი რომ დაესვას ამ ყველაფერს, ბატონ გიორგი ვაშაძეს ვთავაზობ დებატებს ამ საკითხზე, აირჩიეთ ეთერი სადაც გინდათ, ობიექტური, ნეიტრალური და საზოგადოებამ განსაჯოს, ვინ არის ჩვენ შორის მართალი და რომელ არადემოკრატიულ ცვლილებებზე ვსაუბრობთ, იქ გავარკვით,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გიორგი ვაშაძემ ანრი ოხანაშვილის გამოწვევა მიიღო და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, პოლიტიკურ ოპონენტებთან დებატებში დაბრუნებასთან დაკავშირებით, მიესალმება. 

"არც თქვენი სანქციების არავის ეშინია, დებატების მით უმეტეს. ბატონო ანრი, აუცილებლად ამ საკითხთან დაკავშირებით დავსხდეთ და ვიდებატოთ. ძალიან კარგი, რომ გადაწყვიტეთ საბოლოოდ, რომ ოპონენტებთან დასხდეთ დებატებში, იმიტომ, რომ 2016 წლის შემდეგ, თქვენი პარტიის სტანდარტი იყო, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან დებატებს ემალებოდით,"- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს თავშეკავებისკენ და დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე გადასვლისკენ მოუწოდა.

"გსიამოვნებთ ეს პროცესი რაც მიმდინარეობს? იქნებ აქ ფუნქცია დავამტოთ, რომლითაც შევძლებ მიკროფონი გავთიშო ხოლმე, რადგან აქ რაც ხდება, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება,“- განაცხადა კახა კუჭავამ.

დღის ამბები