17 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
ძალიან მაღალი შეფასება მივიღეთ აშშ-ის მხრიდან იმ პროგრესზე, რომელიც ქვეყანას აქვს NATO-ში ინტეგრაციის კუთხით - დავით ზალკალიანი

მედიასთან შეხვედრამდე ამერიკელი მაღალჩინოსანი ფილიპ რიკერი პრემიერის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა. მთავრობის ინფორმაციით, ფილიპ რიკერმა NATO-ში ინტეგრაციაზე საქართველოს პროგრესი მაღალ დონეზე შეაფასა.

საუბარი შეეხო შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი დღის წესრიგის ყველა ძირითად საკითხს. ოფიციალური ცნობით, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობაც, მათ შორის, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.

"ძალიან მაღალი შეფასება მივიღეთ აშშ-ის მხრიდან იმ პროგრესზე, რომელიც ქვეყანას აქვს NATO-ში ინტეგრაციის კუთხით. ჩვენ მივიღეთ რწმუნება, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობა იქნება ძალიან მკაფიო მოახლოებულ ნატოს სამიტზე იმ პროგრესის ასახვის კუთხით, რა პროგრესიც აქვს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით და ეს აისახება იმ დეკლარაციაში, რომელშიც განხილული იქნება ღია კარის პოლიტიკა და აშშ-ში ჩვენი მხარდამჭერი იქნება. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოს თემატიკა  მუდმივად იყოს მოწინავე პოზიციებზე აშშ-ის რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში და პრემიერ-მინისტრმა სწორედ ამას გაუსვა განსაკუთრებით ხაზი.

ხაზი გაესვა, რომ ყველა ვინც იყო 19 აპრილის შეთანხმების მონაწილე ყველა პარტიამ შეასრულოს ეს და იყოს თანმიმდევრული თავის პოზიციებში, რადგანაც ეს არის მთლიანად ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები