Apple-ის თანამშრომლები ოფისებში დაბრუნებასთან დაკავშირებით კომპანიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
ტიმ კუკმა გასულ კვირას განაცხადა, რომ სექტემბრიდან თანამშრომლები კვირაში სამი დღით სამუშაოდ ოფისებში უნდა დაბრუნდნენ.
მართალია, საუბარი მხოლოდ კვირაში 3 დღეზეა, თუმცა Apple-ში დასაქმებულები ხელმძღვანელობისგან უფრო მეტ მოქნილობას ითხოვენ. თანამშრომლების წერილი საიტით The Verge გავრცელდა.
წერილში კომპანიაში დასაქმებულები აღნიშნავენ, რომ Apple-ის პოლიტიკის გამო მათი რამდენიმე კოლეგა სამსახურიდან უკვე წავიდა.
"ინკლუზიურობის გარეშე, რომელიც მეტ მოქნილობას მოაქვს, ბევრი ჩვენგანი თვლის, რომ მოგვიწევს არჩევანი გავაკეთოთ ოჯახს, საკუთარ კეთილდეობასა და საქმის საუკეთესოდ შესრულებას შორის," - ნათქვამია წერილში.
"უკანასკნელი წლის განმავლობაში ხშირად თავს იგნორირებულად ვგრძნობდით," - წერია იმავე წერილში, სადაც Apple-ის თანამშრომლები ხელმძღვანელობას ისევ და ისევ დისტანციური ან მოქნილი სამუშაო გრაფიკის შესახებ არაადეკვატურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ.
წერილი კომპანიის თანამშრომლებს შორის ხელმოსაწერად გავრცელდა.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის ფონზე შეცვლილი წესებისა და რეგულაციების შემდეგ, ანალოგიური გადაწყვეტილება Google-მაც მიიღო და საკუთარ თანამშრომლებს სექტემბრიდან, ასევე 3 დღით, ოფისებში აბრუნებს.
Facebook-მა კი განაცხადა, რომ დისტანციური მუშაობა "მომავლის" არის და თანამშრომლებს შეუძლიათ, მუშაობა ისევ დისტანციურად განაგრძონ.
Twitter-მა ჯერ კიდევ გასულ 2020 წელს აუწყა თანამშრომლებს, რომ შეუძლიათ სახლებში "სამუდამოდ" დარჩნენ და ისე განაგრძონ მუშაობა.