7 თვიანი ბოიკოტი დასრულებულია - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ერთვება. როგორც პარტიაში განმარტავენ, საკანონმდებლო ორგანოში შესვლით ისინი აგრძელებენ ბრძოლას და მმართველ გუნდს კომფორტის ზონას არ დაუტოვებენ.
როგორც თავად აცხადებენ, ამნისტიის კანონპროექტის გარდა ყველა საკანონმდებლო ინიციატივასა და ცვლილებაზე აქტიურ მუშაობას გეგმავენ.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობას, რომ არც ერთი თავისუფალი კომფორტის ზონა არ დავუტოვოთ ოლიგარქს და ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც განიხილება სხვადასხვა ფორმატში, ვიქნებით აქტიურად ჩართულები, იქნება ეს საპარლამენტო საქმიანობა თუ სხვა,"- განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ არსებული პარლამენტი არის არალეგიტიმური და პრობლემური არჩევნების მიერ შერჩეული, თუმცა ამ დროის მონაკვეთში, კირკიტაძის თქმით, ენმ მაქსიმალურად შეეცდება, რის გაკეთების საშუალებასაც ოპოზიციური ფორმატი მისცემს, რომ პარლამენტში საქმიანობით საქართველოს მოქალაქეს ის მძიმე ყოფა შეუმსუბუქოს, რომელშიც "ქართულმა ოცნებამ" ჩააყენა.
საკანონმდებლო ორგანოში "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნებას მმართველი გუნდი და საპარლამენტო ოპოზიცია განსხვავებული შეხედულებებით ხვდებიან.
მმართველი გუნდი ამბობს, რომ ენმ პარლამენტში იქნება ერთადერთი პარტია, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს და ამით დემოკრატიულ პროცესებში ჩართვაზე უარს ამბობს.
"ნაციონალური მოძრაობა" აპირებს, რომ აქტიურად ჩაერთოს საპარლამენტო ცხოვრებაში, მათ შორის დაარეგისტრირეს ფრაქციაც ერთის მხრივ, თუმცა მეორეს მხრივ ხელს არ აწერენ 19 აპრილის შეთანხმებას და ესეც რა თქმა უნდა გამოწვევა არის ჩვენი დემოკრატიისთვის, რომ პარლამენტში იქნება პარტია, რომელიც პირდაპირ უარს ამბობს დეპოლარიზაციასა და დემოკრატიულ პროცესში თანამშრომლობაზე, ამიტომ ამასაც უნდა დავაკვირდეთ რა თქმა უნდა, როგორ მოიქცევა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის კედლებს შიგნით," - განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, ისინი მიესალმებიან "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში დაბრუნებას და ამბობენ, რომ ეს ხელს შეუწყობს პარლამენტის მრავალფუნქციურობას.
თუმცა აქაც არსებობს განსხვავებული შეხედულება, მაგალითად, "მოქალაქეები" ენმ-ს პოლიტიკურ ტონს უწუნებენ და ამბობენ, რომ თუ კი ეს პარტია მეათე მოწვევის პარლამენტშიც ისე გააგრძელებს მუშაობას როგორც ეს წინა წლებში იყო, ისინი მათ ინიციატივებს მხარს არ დაუჭერენ.
"ზუსტად ვიცოდი, რომ ყველა შემოვიდოდა პარლამენტში და ამას ღიად ვამბობდი. "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთა ისე, რომ ძალიან გაბანძებულები შემოდიან. გაცილებით თავდახრილები შემოდიან, ვიდრე მაშინ, ჩვენთვის, რომ დაეჯერებინათ. თუ ის ცირკი გააგრძელეს, რაც წინა და იმის წინა მოწვევის პარლამენტებში, ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, რაც ძალი და ღონე გვექნება, ამას შევეწინააღმდეგებით," - განაცხადა "მოქალაქეების" თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა.