საქართველოს გზავნილი NATO-ს სამიტამდე 6 დღით ადრე. პარლამენტი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქვეყნის მყარ პოზიციას კიდევ ერთხელ მრავალპარტიული თანხმობით ადასტურებს.
დოკუმენტს ხელი დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა. საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს სხვა დეპუტატებმაც, მათ შორის ოპოზიციამ.
"მიმართვის მთავარი აზრი სწორედ ის არის, რომ პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, პარტიები ვართ ერთიანები საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე და ეს განცხადებაც ამ სულისკვეთბით არის მიმართული NATO-ს სამიტის წინ, რომ დაჩქარდეს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესი და უზრუნველყოფილი იყოს მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო იღებს NATO-სგან და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, რუსეთი სახეები ფონზე,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია.
"დოკუმენტი რამდენად მოახდენს გავლენას სამიტზე ერთი საკითხია და შეიძლება ეს ასე არ იყოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის დაფიქსირებული მრავალპარტიული თანხმობა რაღაც საკითხზე იმ ქვეყანაში, სადაც ყველასთვის გასაგებია, რომ ცოტა ხნის წინ კრიზისი იყო. ეს რაღაცა არის საქართველოს NATO-სკენ ინტეგრაცია და ამ თვალსაზრისით, მას მნიშვნელობა აქვს, როგორც კონკრეტულ მესიჯს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, განსხვავებების მიუხედავად, საქართველოში არსებობს საკითხები, სადაც პოლიტიკური სპექტრი ერთიანია,"- აღნიშნა პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ.
როგორც მმართველი გუნდში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ კიდევ ერთხელ დააფიქსიროს პოზიცია, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
"საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ აცხადებს, რომ NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია არის თითოეული კონსტიტუციური ორგანოს ამოცანა და ყველა ორგანო უნდა მოქმედებდეს ამ ამოცანის შესაბამისად. დღევანდელი აქტიც არის ამის კიდევ ერთი გამოხატულება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ კიდევ ერთხელ დააფიქსიროს NATO-ს წინაშე ჩვენი ურყევი ნება, ალიანსში გაწევრიანება და ყველაფერი გაკეთდება, რომ მივაღწიოთ NATO-ში ინტეგრაციას,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე.