17 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ, რომ ფუჭი აღმოჩნდა 6 თვიანი მცდელობა რამენაირად წყალი აემღვრიათ - მიხეილ სარჯველაძე ენმ-ზე

ვიდრე საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან, "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ პოლიტიკური განცხადებები დღეს სესიაზე გაკეთდა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ამ წუთას სწორ გზას ადგას. 

"გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ, რომ, როგორც ჩანს, ფუჭი აღმოჩნდა მათი 6 თვიანი მცდელობა, რამენაირად წყალი აემღვრიათ და ამასობაში თევზი მოენადირებინათ. ასევე გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ იმასაც, რომ უნიჭოდ დაგეგმილი ფოკუსის არსს ყველა მიუხვდა და ჯიუტად ამის გამეორების მცდელობა უკვე განწირულია," – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი აცხადებს, ენმ-ს ბოლო მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა დარჩა, რაც 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერას გულისხმობს.

"დარჩა ბოლო და მნიშვნელოვანი ნაბიჯი - რადიკალურმა ძალებმა ხელი უნდა მოაწერონ 19 აპრილის შეთანხმებას, შეასრულონ მოსახლეობის ნება და დაასრულონ სახელმწიფოსთვის საზიანო პოლიტიკა. საქართველოს წინ გაცილებით დიდი გამოწვევები აქვს, ვიდრე ცალკეული პარტიები თავიანთი ვიწრო თვალსაწიერიდან აცნობიერებენ," - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი მიიჩნევს, რომ ბოლოს და ბოლოს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ფარ-ხმალი დაყარა და თავისი სიტყვები კიდევ ერთხელ უკან წაიღო.

"დაყარეს ფარ-ხმალი ბოლოს და ბოლოს, თავისი სიტყვები კიდევ ერთხელ უკან წაიღეს, გადაწყვიტეს აქ შემოსვლა და შემოვიდნენ. ერთი წამით წარმოვიდგინე, რომ მათი მსგავსი მორალური და კულტურული კატეგორიებით რომ ვაზროვნებდეთ, რა საზვერეების გავლა მოუწევდათ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე," - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

პარლამენტის წევრი და პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ენმ-ს მიღებულ გადაწყვეტილებას ულოცავს.

"რატომღაც მეგონა, რომ როდესაც სიტყვით გამოსვლა მომიწევდა, ჩემი კოლეგები "ნაციონალური მოძრაობიდან" აქ იქნებოდნენ და მინდოდა, რომ მათთვის მილოცვით დამეწყო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აქ არ არიან, მე მაქვს იმედი, რომ რამდენიმე საათში შემოგვიერთდებიან და მინდა მივულოცო მათ სწორი გადაწყვეტილება," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები