"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მათი პარტია პარლამენტში შესვლით ბიძინა ივანიშვილის კომფორტის ზონას უუქმებს. ბოკუჩავა თვლის, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი გარდამავალი იქნება და მნიშვნელოვანია, "ნაცმოძრაობამ" მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადებაში, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს.
"ეს არის განაცხადი "ნაციონალური მოძრაობისგან", რომ ჩვენ კომფორტის ზონას არ შევუქმნით ბიძინა ივანიშვილს არსად და მეორე, სწორად დავინახოთ ჩვენი ფუნქცია პარლამენტში და თავად ამ პარლამენტის ფუნქცია. ეს არის ერთგვარად გარდამავალი პარლამენტი, რომელმაც უნდა მოამზადოს საკანონმდებლო ჩარჩო იმისთვის, რომ შემდეგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც დარწმუნებული ვარ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ჩაინიშნება, ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში,"- განაცხადა "დღის კურიერის" ეთერში თინა ბოკუჩავამ.