მესამე სექტორი პარლამენტს მოუწოდებს დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობა და ამ მიზნით შექმნას სამუშაო ფორმატი, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ დაინტერესებულ სამოქალაქო ორგანიზაციებს, პროფესიულ და აკადემიურ ჯგუფებს, სახალხო დამცველსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნისას გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ოპოზიციურ პარტიებთან პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე.
"კონსენსუსი ნიშნავს ურთიერთდათმობას ორივე მხრიდან, რაც შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებაშიც ჯდება და კარგია ზოგადად სისტემისთვის, იმიტომ, რომ უზრუნველყოს, დამოუკიდებელი კანდიდატი დაინიშნოს უზენაეს სასამართლოში. მთავარი პრობლემა დღეს არის გავლენიანი ჯგუფი სასამართლოში, რომელიც შეთანხმებაში ხელისუფლებასთან და მოქმედებენ ერთად. დამოუკიდებელი კანდიდატი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უზენაესი სასამართლო ნელნელა გამოვა კლანის გავლენებისგან,"- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამების მენეჯერი გიორგი გვილავა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი კი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი სასამართლოს სისტემურ რეფორმამდე საერთოდ შეჩერდეს.
"კანდიდატები, რომლებიც საბჭომ შეარჩია, მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ საბჭოს ლეგიტიმაციით არ სარგებლობდნენ, მაღალი პოლიტიკური კონსენსუსი უნდა იყოს მათ დანიშვნასთან დაკავშირებით. თუ ასეთი კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია, ამ საკითხზე გადაწყვეტილებების მიღება შეჩერდეს, მანამ სანამ სასამართლოშია არ გატარდება სისტემური ცვლილებები,"- აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე.